logo
ENG



ღარიბაშვილი: არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ მოუწოდებს მოქალაქეებს უკრაინაში ომში ჩართვისკენ

03 აპრ 202215:26
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: არც ერთი ქვეყნის მთავრობა არ მოუწოდებს მოქალაქეებს უკრაინაში ომში ჩართვისკენ
ფოტო: ვახო ქარელი/ფორმულა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოს მოქალაქეებს მოუწოდებს, უკრაინის მიმართ სოლიდარობა არა საომარ მოქმედებებში ჩართვით, არამედ სხვა ფორმით გამოხატონ, მაგალითად, გაუგზავნონ მათ ჰუმანიტარული დახმარება ან დაეხმარონ საქართველოში ჩამოსულ უკრაინელებს. 

"დღეს მსოფლიოში არც ერთი მთავრობა, არც ერთი ქვეყნის ხელისუფალი არ მოუწოდებს თავის მოქალაქეებს უკრაინაში წასვლისა და ის საომარ მოქმედებებში ჩართვისკენ. მინდა, კიდევ ერთხელ ძალიან მკაფიოდ და ცალსახად ვთქვა. პირიქით, ჩვენ მოვისმინეთ აშშ-ის მთავრობის განცხადებები, ბრიტანეთის, საფრანგეთის, ევროპის ქვეყნების ლიდერების გამოსვლები, სადაც ისინი მოუწოდებენ თავიანთ მოქალაქეებს, ეს სოლიდარობა გამოხატონ სხვა ფორმით: ჰუმანიტარული ტვირთის გაგზავნით ან სხვა ფორმით.

მე ვუერთდები მსოფლიო ლიდერების ამ მოწოდებას და ჩვენი ქვეყნის მოქალაქეებს კიდევ ერთხელ მოვუწოდო, რომ სოლიდარობა უკრაინელი ხალხის მიმართ გამოვხატოთ სხვა ფორმით, იქნება ეს ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა თუ აქ ჩამოსული უკრაინელი მოქალაქეების დახმარება". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა. 

მას შემდეგ, რაც რუსეთი უკრაინაში შეიჭრა, საქართველოს რამდენიმე ათეულმა მოქალაქემ სურვილი გამოთქვა, რუსეთის წინააღმდეგ უკრაინაში ეომათ. თუმცა, ირაკლი ღარიბაშვილმა მათ გაფრენის ნებართვა არ მისცა. მისი და ზოგადად, ქართული ოცნების ხელისუფლების პოზიციაა, რომ ეს ომში ჩართვას ნიშნავს. 

საქართველოს მთავრობამ ასევე უარი თქვა, შეერთებოდა დასავლეთის სანქციებს რუსეთის წინააღმდეგ. 

საქართველოს ხელისუფლების ამ პოზიციას უკრაინის პრეზიდენტმა, ვოლოდიმირ ზელენსკიმ ამორალური უწოდა და საქართველოდან ელჩი გაიწვია. 

ამასთან, საქართველოში რუსეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებს, რომლებიც დასავლურ სანქციებს გამოექცნენ, არ ექმნებათ დაბრკოლებები საკანონმდებლო ან სხვა კუთხით. 

"არ იქნება იარაღი, არ იქნება სანქციები, არ იქნება შეზღუდვები რუსეთისთვის - მოძებნეთ სხვა სამსახური". - თქვა უკრაინის პრეზიდენტმა 31 მარტს, როცა საბოლოოდ გააფორმა ელჩ იგორ დოლგოვის გაწვევა საქართველოდან. 


close დახურვა