პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბათუმში კორპუსის ნგრევას ეხმაურება და წერს, რომ ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას. პრემიერი, ასევე აცხადებს, რომ დღესვე პირადად გეგმავს ბათუმში ჩასვლას.
პრემიერის ცნობით, ადგილზე მობილიზებულია ყველა შესაბამისი სამსახური, როგორც შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფები, ასევე ადგილობრივი ხელისუფლება და მერიის სამსახურები.
"აქტიურად მიმდინარეობს სამაშველო ღონისძიებები დაშავებულების ნანგრევებიდან უმოკლეს დროში ამოყვანის მიზნით. ყველა დაშავებულს და დაზარალებულს სახელმწიფო გაუწევს შესაბამის დახმარებას.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ უკვე დაიწყო გამოძიება, რომელიც მომხდარის მიზეზებს აუცილებლად დაადგენს", - წერს ის.
კორპუსი ბათუმში, 26 მაისის ქუჩაზე ჩამოინგრა. ნანგრევებში მოყოლილი მანქანიდან მცირეწლოვანი ბავშვი ამოიყვანეს. გარდა ამისა, კორპუსის ნანგრევებიდან ჩვილი ბავშვიც გადაარჩინეს.
მაშველებმა კომუნიკაცია დაამყარეს ადამიანებთან, რომლებიც ნანგრევებში მოყვნენ.
შინაგან საქმეთა სამინისტროს განცხადებით, ბათუმში, პირველადი ინფორმაციით, საცხოვრებელი კორპუსის სადარბაზო ჩამოინგრა. ადგილზე მისვლისთანავე, მეხანძრე-მაშველებმა ჩამონგრეული სადარბაზოს მეზობელი ბინებიდან, ასევე, ნანგრევებში მოყოლილი ავტომობილებიდან მოსახლეობის ევაკუაცია განახორციელეს. კორპუსის ჩამონგრევის მიზეზებში უწყებაში ჯერჯერობით არ საუბრობენ.
უწყებაში აცხადებენ, რომ მეხანძრე-მაშველებთან ერთად, ადგილზე უკვე მობილიზებულია სპეციალური ტექნიკა, მათ შორის ავტოკიბე. დამატებით, ასევე, მობილიზებული არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის და საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის თანამშრომლები. მიმდინარეობს აჭარის მეზობელი რეგიონებიდან დამატებითი ცოცხალი ძალის მობილიზება.