logo
ENG



ღარიბაშვილი: განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით

12 ივლ 202211:01
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/12/fdi4n8m94uddz1u.jpg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ვრცელ განცხადებას ავრცელებს, რომლის ერთ-ერთ ნაწილში ბიძინა ივანიშვილსა და მის ოჯახთან ურთიერთობაზე წერს. აღნიშნულ ტექსტში ის აღნიშნავს, რომ "განსაკუთრებულად ამაყობს" ბერა ივანიშვილთან მეგობრობას. 

გარდა ამისა, ის ყვება მის ამჟამინდელ კომუნიკაციაზე ბიძინა ივანიშვილთან.

"ბუნებრივია, როგორც ქართუს საქველმოქმედო ფონდის დირექტორს, მასთან მჭიდრო ურთიერთობა მქონდა. მაშინ დამყარდა მეგობრული ურთიერთობაც ბიძინა ივანიშვილის ოჯახსა და ჩემს ოჯახს შორის, რითაც მთელი ჩემი ოჯახი განსაკუთრებულად ამაყობს. ასევე, განსაკუთრებულად ვამაყობ ბერასთან ჩემი პირადი მეგობრობით. საზოგადოებას მინდა განვუმარტო, რომ ამ ურთიერთობების გათვალისწინებით, ჩვენს ოჯახებს აქვთ პერიოდული კომუნიკაცია ერთმანეთთან. მაგალითად, ცოტა ხნის წინ, ჩემმა მეუღლემ მიიღო რჩევები ბიძინა ივანიშვილის მეუღლისგან გარკვეულ სამედიცინო საკითხთან დაკავშირებით. მსგავსი კომუნიკაცია ბიძინა ივანიშვილთან პერიოდულად მეც რომ მქონდეს, ბუნებრივია, ვერც ამაში იქნება რაიმე დასაძრახი", - წერს ღარიბაშვილი.

ღარიბაშვილის თქმით, აღნიშნული წერილით იგი ეხმაურება დეოლიგირაქციის შესახებ "აგორებულ კამპანიას".

ირაკლი ღარიბაშვილი დასავლეთის და საზოგადოების მხრიდან დეოლიგარქიზაციის მოთხოვნას ვრცელი წერილით გამოეხმაურა, გამოექომაგა ბიძინა ივანიშვილს და კვლავ მიაყენა შეურაცხყოფა საქართველოს დასავლელ პარტნიორებს.

ღარიბაშვილისა და ივანიშვილის აუდიოჩანაწერები

გასული წლის მარტში TV პირველის ეთერით ირაკლი ღარიბაშვილისა და ბერა ივანიშვილის საუბრის ჩანაწერები გავრცელდა. აუდიოჩანაწერი მოიცავს რამდენიმე საუბარს ბერა ივანიშვილსა და ღარიბაშვილს შორის, რომელშიც მონაწილეები ბერას შეურაცხყოფის გამო ანგარიშსწორების რამდენიმე შემთხვევას იხსენებენ და განიხილავენ.

ჩანაწერში ბერა ივანიშვილი ელაპარაკება სახელმწიფო დაცვის სამსახურის უფროსს, ანზორ ჩუბინიძეს.

აუდიოჩანაწერიდან ირკვევა, რომ ის ბერას მითითებებს ასრულებდა და არასრულწლოვნებს, რომლებიც ივანიშვილს მისთვის მიუღებლად მოიხსენიებდა, პირადად ემუქრებოდა.

ჩანაწერის გამოქვეყნების შემდეგ არაერთმა ადამიანმა მედიისა და თუ სოციალური ქსელის საშუალებით განაცხადა, რომ ბერა ივანიშვილმა ან მასთან დაახლოებულმა პირებმა, ბერაზე ნეგატიური კომენტარის გამო, მათ სიტყვიერი ან ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს.

ჩანაწერის ავთენტურობა არ უარუყვია თავად ბერა ივანიშვილსაც. მან თქვა, რომ თუ ვინმე დედას შეაგინებს, ან მის "ოჯახს შეეხება", "აუცილებლად პასუხს მოსთხოვს".

თავად ირაკლი ღარიბაშვილმა კი თქვა, რომ ჩანაწერი 11 წლის წინანდელია - ქართული ოცნების ხელისუფლებაში მოსვლამდე გაკეთებული და ის "უამრავი საუბრის" "მდარე ფაბრიკაციაა".

მაშინ საუბრის სავარაუდო დანაშაულებრივ შინაარსზე ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ანზორ ჩუბინიძე, რომელიც ჩანაწერების მიხედვით ანგარიშსწორების შემსრულებელია, საკუთარ სამსახურებრივ მოვალეობას ასრულებდა, ვინაიდან ბერა ივანიშვილის მიმართ ლიკვიდაციის და სხვა სახის ჯგუფური მუქარები არსებობდა.

მისივე თქმით, ჩუბინიძე ადრესატს მეზობლებისა და ოჯახის წევრების თვალწინ "გაესაუბრა", რათა მუქარის რისკები "გამოეკვლია".

მან გაიმეორა თანაგუნდელების გზავნილი, რომ ჩანაწერში აღწერილი ქმედებების შედეგად დაზარალებული არ არსებობს.

რაც შეეხება ჩანაწერში მინისტრებთან სისტემატურ კომუნიკაციაზე მინიშნებას, რასაც მრავალი მიმომხილველი იმის დასტურად მიიჩნევდა, რომ ჩანაწერი ქართული ოცნების ხელისუფლებაში ყოფნის დროს არის გაკეთებული, ღარიბაშვილი ხსნიდა, რომ საუბრების დროისთვის იგი ფონდ ქართუს დირექტორის თანამდებობას იკავებდა, რის გამოც, ხშირად უწევდა სახელმწიფო მინისტრებთან ურთიერთობა და მათთან საქმიანი კომუნიკაცია.

პროკურატურის განცხადების მიხედვით კი, ქსპერტიზის დასკვნით დგინდება, რომ აუდიო ჩანაწერებში სიტყვა "მინისტრები" საერთოდ ნახსენები არ არის, არამედ მონტაჟის ფონზე, ორი სიტყვის რედაქტირების შედეგად მიღებულია სიტყვები "მილი" და "სტები", ხოლო მათი შერჩევითი ფიქსაციის გზით მიღებულია მიმსგავსებული სიტყვა "მილი-სტები".


close დახურვა