ირაკლი ღარიბაშვილი სამშენებლო კომპანიებს სთავაზობს, მოიძიონ რესურსები ბანკებიდან, სახელმწიფო კი მათ გარანტირებულ დაკვეთებს შესთავაზებს. როგორც პრემიერმინისტრმა თქვა, სამინისტროებს ბევრი პროექტი აქვთ შესასრულებელი, ეკონომიკური ზრდის აჩქარებისთვის კი არაორდინალური ნაბიჯების გადადგმაა საჭირო.
"ბევრ სამინისტროს წლების განმავლობაში შესასრულებელი აქვს ძალიან ბევრი პროექტი. დევნილებისთვის გვაქვს ასაშენებელი დაახლოებით ნახევარი მილიონი კვადრატული მეტრი, ასევე გვინდა, შინაგან საქმეთა სამინისტროს ქალაქის მშენებლობა გვინდა დავიწყოთ - პოლიციის შენობების რეაბილიტაცია-აშენება, განათლების სამინისტროს - 800-მდე სკოლის რეაბილიტაცია-მშენებლობა.
ჩვენ სამშენებლო კომპანიებს შევთავაზებთ, რომ დამატებით მოიზიდონ ფინანსური რესურსი ადგილობრივ ბაზარზე ბანკებიდან, ჩვენი გარანტიით, მათ ექნებათ გარანტირებული დაკვეთა ექნებათ ამ სამუშაოებზე და ჩვენ განვადებით, 3-5 წლის განმავლობაში გადავიხდით ამ თანხას.
მე ეს განვახორციელე, როცა ვიყავი მინისტრი, 3 და 5 წლის შესასრულებელი 1 წელში შევასრულეთ - მშენებლობა, შესყიდვები და სხვა უამრავი პროექტი. დაახლოებით 4-5 წლის გასაკეთებელს 1 წელში გავაკეთებთ, გავაძლიერებთ ადგილობრივ კომპანიებს, მეტი სამუშაო ადგილი შეიქმნება, ეს იქნება 1%-2%-მდე დამატებითი ეკონომიკური ზრდის მომტანი". - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.
პრემიერმინისტრის თქმით, ეს ინიციატივა ერთი მხრივ, დააჩქარებს ეკონომიკურ ზრდას, მეორე მხრი კი, გააუმჯობესებს საჯარო ინფრასტრუქტურას და გაიზრდება კონკურენცია საჯარო ინფრასტრუქტურის პირობებში დაგეგმილ სახელმწიფო შეზღუდვებში კონკურენციის ზრდა.
"ამ ინიციატივიდან ჩვენ მინიმუმ 500 მილიონი ლარის დამატებით ინვესტირებას ვგეგმავთ წელსვე, თუმცა, ეს მინიმალურია, ვფიქრობ, მილიარდ ლარამდე თავისუფლად შეძლებენ ეს კომპანიები ათვისებას". - თქვა მან.