logo
ENG



ღარიბაშვილი: დღეს პარტიაში ჰარმონიული სიტუაციაა

23 მაი 202117:18
3 წუთის საკითხავი
 
ვახო ქარელი/ფორმულა

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ქართულ ოცნებაში იდეალური და ჰარმონიული სიტუაციაა. ასე უპასუხა მან ჟურნალისტების კითხვას, შესაძლოა თუ არა, რომ მან ირაკლი კობახიძის პოზიცია დაიკავოს. 

ფორმულამ 21 მაისს წყაროზე დაყრდნობით გაავრცელა ინფორმაცია, რომ ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარტიულ თანამდებობას დაატოვებინებენ და ​საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ. გარდა ამისა, 5 აპრილს ასევე ფორმულა ამბობდა, რომ კობახიძეს ამ პოსტზე ღარიბაშვილი ჩაანაცვლებდა.

"ეს არის შეგნებული პროვოკაციული ინფორმაცია, რომელიც ვრცელდება ჩვენი დეგრადირებული, ფაქტობრივად დაშლილი, დაქუცმაცებული ოპოზიციის მხრიდან, იმისათვის, რომ თავად გადაფარონ საკუთარ პარტიაში არსებული ძალიან მძიმე მდგომარეობა. ეს არის მთავარი მიზეზი. დღეს პარტიაში და ჩვენს ხელმძღვანელობაში არის იდეალური, ჰარმონიული სიტუაცია. ჩვენ გვაქვს ძალიან მჭიდრო, ერთ მუშტად შეკრული სიტუაცია", - თქვა ღარიბაშვილმა.

ფორმულას წყაროს ინფორმაციით, ქართული ოცნების თავმჯდომარეს ირაკლი კობახიძეს პარტიულ თანამდებობას დაატოვებინებენ და ​საკონსტიტუციო სასამართლოში გადაიყვანენ.

ფორმულას ცნობით, საკადრო ცვლილება ივლისში იგეგმება, მაშინ, როდესაც საკონსტიტუციო სასამართლოს წევრს, თამაზ ცაბუტაშვილს უფლებამოსილების ვადა ეწურება, კობახიძის კანდიდატურას კი პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი წარადგენს. ცაბუტაშვილი სასამართლოში პრეზიდენტის კვოტით მოხვდა, შესაბამისად მისი შემცვლელიც სალომე ზურაბიშვილმა უნდა წარადგინოს.

ინფორმაცია რომ კობახიძეს პარტიის თავმჯდომარის თანამდებობა უნდა დაატოვებინონ, ფორმულამ ჯერ კიდევ 5 აპრილს გაავრცელა. ფორმულა მაშინ ამბობდა, რომ პარტია ქართული ოცნების თავმჯდომარის პოსტზე ირაკლი კობახიძე, შესაძლოა, მოქმედმა პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ჩაანაცვლოს. წყარო ფორმულას უყვებოდა, რომ ამ ცვლილების იდეის ავტორი თავად ბიძინა ივანიშვილია. ფორმულას ცნობით, ივანიშვილმა კობახიძეს პოსტიდან წასვლა თებერვალში მოსთხოვა, ღარიბაშვილის პრემიერად დანიშვნიდან მალევე.


close დახურვა