logo
ENG



ღარიბაშვილი: თუ სადმე გადაიყვანენ პატიმარ სააკაშვილს, ეს იქნება ციხის საავადმყოფო

21 ოქტ 202113:05
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრის ირაკლი ღარიბაშვილი თქმით, მიხეილ სააკაშვილს საჭიროების შემთხვევაში მხოლოდ ციხის საავადმყოფოში გადაიყვანენ და სხვა დაწესებულება არ განიხილება.

ღარიბაშვილი ამბობს, რომ ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრმა უკვე ისაუბრა.

"მე რა თქმა უნდა არ მსურს ამ საკითხზე კომენტარის გაკეთება, იუსტიციის მინისტრმა უკვე განაცხადა ამის თაობაზე გუშინ და ჩვენ მოვისმინეთ მისგან, რომ ერთადერთი დაწესებულება სადაც საჭიროების შემთხვევაში ექიმების რეკომენდაციით თუ მოხდება გადაყვანა პატიმარი სააკაშვილის, ეს იქნება ციხის საავადმყოფო. როგორც მოვისმინეთ ჩვენი იუსტიციის მინისტრისგან სხვა დაწესებულება არ განიხილება, ეს არის გამორიცხული" , - თქვა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ყოფილი პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატის, ბექა ბასილაიას თქმით, საჭიროების შემთხვევაში პატიმრის მე-18 პენიტენციურ დაწესებულებაში ჰოსპიტალიზაციას არ ეთანხმებიან. როგორც ადვოკატი ამბობს, ხელისუფლებამ თავისსავე სიტყვებზე თქვა უარი და "სამარცხვინო ნაბიჯი" გადადგა.

ბასილაიას თქმით, პენიტენციური სამსახურის მე-18 სამკურნალო დაწესებულებაში სააკაშვილის უსაფრთხოება უზრუნველყოფილი ვერ იქნება.


close დახურვა