logo
ENG



ღარიბაშვილი: მინდა უკრაინელ ხალხს ვუსურვო მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება

27 დეკ 202214:15
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი უკრაინაში მიმდინარე ომზე საუბრის დროს ისევ არ ახსენებს რუსეთს და აღნიშნავს, რომ უკრაინას "მშვიდობასა და ომის სწრაფად დასრულებას" უსურვებს. ამის შესახებ ღარიბაშვილმა წლიური ანგარიშის წარდგენის დროს შესავალ სიტყვაში ისაუბრა.

"კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ჩვენ, რა თქმა უნდა, ძალიან შეშფოთებულები ვართ ამ ომით, კიდევ ერთხელ მინდა ჩემი მხარდაჭერა დავუდასტურო უკრაინელ ხალხს, ვუსურვო მათ მშვიდობა, ამ ომის სწრაფად დასრულება, კიდევ ერთხელ ვადასტურებ ჩვენს მხარდაჭერას უკრაინის სუვერენიტეტისა და მათი დამოუკიდებლობის მიმართ და კიდევ ერთხელ მინდა აღვნიშნო, რომ ეს ომი რაც შეიძლება სწრაფად უნდა დასრულდეს", - განაცხადა მან.

მისივე თქმით, ომმა უპრეცედენტო კრიზისი გამოიწვია და შედეგად, მსოფლიო დიდი გამოწვევების წინაშე დადგა. ის აღნიშნავს, რომ ამ გამოწვევებს "ძალიან გონივრული მართვა" სჭირდება და მთავრობამ სწორედ ამაზე ააგო მათი "სწორი პოლიტიკა".

"ჩვენ კარგად გვაქვს გააზრებული, ეს არის ურთულესი გამოწვევა, ამიტომ ამ გამოწვევას სჭირდება ძალიან გონივრული მართვა და ჩვენ შესაბამისად ავაწყვეთ ჩვენი პოლიტიკა. ჩვენ პირველივე დღეებიდან სწორი პოლიტიკა დავიჭირეთ, სწორი პოლიტიკა გავატარეთ და ამ სწორ პოლიტიკას ვახორციელებთ.

მე არაერთხელ მითქვამს და ჩვენი გუნდის წევრების საერთო სულისკვეთება არის, რომ ჩვენი საერთო ამოცანა უნდა იყოს ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესების დაცვა, ამ მთავარი მოტივაციით, ამ იდეით ვმოქმედებთ და ვატარებთ იმ პოლიტიკას, რომელიც პირველ რიგში, ჩვენს ხალხს სჭირდება და ჩვენი ხალხის ინტერესებს", - განაცხადა მან.


close დახურვა