logo
ENG



ღარიბაშვილი: მომდევნო 3 წელში, ენერგეტიკის სექტორში, მინიმუმ $3 მლრდ ინვესტიციას ველოდებით

31 ოქტ 202211:54
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის თქმით, საქართველოს გაჩნია დიდი ჰიდრორესურსები და სჭირდება მათი გონივრულად გამოყენება, რაც მისივე თქმით, "მთავრობის მთავარი პრიორიტეტია".

ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა, რომ მთავრობა ინვესტორებს სთავაზობს ახალ სქემას, რომელიც 3 წლის განმავლობაში 1 500 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობის ხელშეწყობას გულისხმობს.

მისივე თქმით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა დაგეგმილი პროექტი გაფორმდება, მინიმუმ 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციაა მოსალოდნელი ენერგეტიკის სექტორში.

"ჩვენი მთავარი ამოცანა უნდა იყოს რაციონალურად, გონივრულად გამოვიყენოთ ყველა რესურსი, რომელიც ქვეყანას და სახელმწიფოებს აქვთ ეს არის ენერგოუსაფრთხოება და ენერგოდამოუკიდებლობა. საქართველოს, რა თქმა უნდა, გააჩნია საკმაოდ დიდი რესურსები, განსაკუთრებით ჰიდრორესურსები, ამიტომ ამ რესურსს სჭირდება მაქსიმალურად გონივრულად გამოყენება და ათვისება, ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი და სწორედ ამ მიმართულებით ვიმუშავეთ აქტიურად, გვქონდა კონსულტაციები საერთაშორისო სავალუტო ფონდთანაც და მათთან ეს სქემა, რომელსაც წარმოვადგენთ, არის შეთანხმებული, გავლილი და რამდენიმე დღეში ოფიციალური სახე მიეცემა.

ახალი შეთავაზებით, სქემით, მოგეხსენებათ, რომ ბოლო წლები ე.წ გარანტირებული შესყიდვის სქემა იყო შეჩერებული და ამ მიმართულებით 800 მეგავატამდე ჰესებზე არის გაცემული მემორანდუმები, თუმცა იმის მიუხედავად, რომ ზოგიერთმა დაიწყო მშენებლობაც, მაგრამ კონტრაქტები არ არის გაფორმებული. მეორე საკითხია, რომ ბუნდოვანი იყო ახალი პროექტების ბედიც, ინვესტორებს სჭირდებოდათ მეტი სიცხადე, ამიტომ ახალი სქემა არის შემდეგი: სახელმწიფოს მხრიდან, ელექტროსადგურის ოპერირებაში გაშვებიდან 15 წლის განმავლობაში, ფასთა შორის სხვაობის ხელშეკრულებით, ენერგეტიკული პროექტების მხარდაჭერას გულისხმობს სქემა, რომელსაც შევთავაზებთ ინვესტორებს. მხარდაჭერის ახალი სქემა მოიცავს აუქციონის წესით, მომდევნო 3 წლის განმავლობაში ჯამში 1 500 მეგავატის სიმძლავრის ენერგოსადგურების ხელშეწყობას, ამაში არ შედის ის 800 მეგავატი, რომელზეც ვთქვი და ასევე არ შედის დიდი პროექტები, როგორიცაა ნამახვანი, ნენსკრა და ხუდონი.

ჯამურად, მხოლოდ 1 500 მეგავატის სიმძლავრის ხელშეწყობით, დაახლოებით 2,2 მილიარდ ამერიკული დოლარის ინვესტიციას ველოდებით, ამას დაემატება 800 მეგავატის პროექტები და კიდევ ის მსხვილი პროექტები, რომლებზეც დამატებით ცალკე ვიმსჯელებთ. მინიმუმ, მომდევნო 3 წლის განმავლობაში, იმ დათქმით, რომ ყველა ეს პროექტი იქნება გაფორმებული და გაშვებული, მინიმუმ 3 მილიარდი დოლარის ინვესტიციას ველოდებით ენერგეტიკის სექტორში, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი გადაწყვეტილება, იმიტომ რომ ერთის მხრივ ჩვენ შემოგვაქვს სიცხედა და მეორეს მხრივ ვაცხადებთ, რომ ეს არის ჩვენი მთავარი პრიორიტეტი. რა თქმა უნდა, ინვესტორებს ექნებათ მაქსიმალური მხარდაჭერა", - ამბობს ღარიბაშვილი.


close დახურვა