პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, გუნდის გადაწყვეტილებით ოპოზიციასთან მოლაპარაკებებში ჩართულები იქნებიან პარტიის თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე, პარლამენტის თავმჯდომარე არჩილ თალაკვაძე და ვიცე-სპიკერი, კახა კუჭავა.
ამაზე პრემიერმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე ისაუბრა, სადაც მანამდე, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის პირად წარმომადგენელს, კრისტიან დანიელსონს შეხვდა.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა საქართველოში მიმდინარე მოლაპარაკებებში შუამავლობის ხელშესაწყობად ევროკავშირის ოფიციალური წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი გამოგზავნა. დანიელსონი თბილისში გამთენიისას ჩამოფრინდა.
მიშელმა საქართველოში გამართული ვიზიტისას, ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მისი შუამავლობით შემდგარი მოლაპარაკებების შემდეგ განაცხადა, რომ პრემიერმინისტრ ღარიბაშვილს 16 მარტს დაგეგმილი ვიზიტის დროს ევროპარლამენტში კონკრეტული შედეგებით ელიან.
მიშელმა ჩარჩო შეთანხმებაც წარმოადგინა, რომელიც იმ საკვანძო საკითხებს მოიცავს, რომლის გარშემოც შემდგომი მოლაპარაკებები უნდა გაიმართოს.
დოკუმენტში სხვა რეფორმებთან ერთად ვადამდელი არჩევნები და პოლიტპატიმრების გათავისუფლებაცაა შეტანილი.
ევროპული საბჭოს პრეზიდენტის ვიზიტის დასრულების შემდეგ ოპოზიციასა და ხელისუფლების წარმომადგენლებს შორის მოლაპარაკების შემდეგი რაუნდი ამ დრომდე არ გამართულა.