logo
ENG



ღარიბაშვილი: პატიმარზე და პატიმრებზე საუბარი დავასრულე

11 ნოე 202112:17
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი მიხეილ სააკაშვილის მრავალპროფილურ კლინიკაში გადაყვანასთან დასმული კითხვის საპასუხოდ ამბობს, რომ "პატიმრებზე საუბარი დაასრულა".

მან ყოფილ პრეზიდენტთან დაკავშირებით დასმულ კითხვებს პასუხი არ გასცა და თქვა, რომ სხვა თემებზე კონცენტრირდა. 

რაც შეეხება სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებას, ღარიბაშვილის თქმით, ამ საკითხზე იუსტიციის მინისტრს უახლოეს საათებში ბრიფინგი ექნება. 

"მე გითხარით, რომ პატიმარზე და პატიმრებზე მე საუბარი დავასრულე. ქვეყანაში უამრავი საკითხია, უამრავი პრობლემა და მე მხოლოდ ამ თემაზე მაქვს საუბარი და კონცენტრირება", - ამბობს ღარიბაშვილი.

ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებიდან ვკითხულობთ, რომ სასამართლომ მიხეილ სააკაშვილს შიმშილობის შეწყვეტისკენ მოუწოდა. 

სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა მიაწოდოს მას ინფორმაცია განმცხადებლის ჯანმრთელობის ამჟამინდელი მდგომარეობის შესახებ [ისევე, როგორც ციხის საავადმყოფოში გაწეული სამედიცინო დახმარების შესახებ]; დაადგინა, რომ მთავრობამ უნდა უზრუნველყოს მისი უსაფრთხოება ციხეში და უნდა უზრუნველყოს მისთვის სათანადო სამედიცინო მკურნალობის მიწოდება პოსტ-შიმშილობის რეაბილიტაციის პერიოდში. ამასთან, სააკაშვილის საქმეს პრიორიტეტი მიენიჭა. 

მიხეილ სააკაშვილის იურისტები ამბობენ, რომ აღნიშნული გადაწყვეტილებით, სასამართლომ დროებითი ღონისძიების მიღების მათი მოთხოვნა დააკმაყოფილა. გარდა ამისა, მიხეილ სააკაშვილის შიმშილობის ფაქტი საერთაშორისოდ აღიარებულია.

სტრასბურგის სასამართლოს გადაწყვეტილებიდან, იუსტიციის მინისტრი, რატი ბრეგაძე ყურადღებას ამახვილებს მხოლოდ იმაზე, რომ საჩივარი კერძო კლინიკაში გადაყვანასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდა, თუმცა არაფერს ამბობს უსაფრთხოების უზრუნველყოფის ნაწილზე. მინისტრი ასევე აღნიშნავს, რომ სტრასბურგმა სააკაშვილს "შიმშილობა მოსთოვა", რაც სიმართლეს არ შეესაბამება. გადაწყვეტილებაში მხოლოდ "მოწოდებაზეა" საუბარი. 

მიხეილ სააკაშვილი 42-ე დღეა შიმშილობს.


close დახურვა