logo
ENG



ღარიბაშვილი: სავალდებულო ვაქცინაციას არ დავუშვებ

24 ოქტ 202117:36
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სავალდებულო ვაქცინაციას "არ დაუშვებს".

"მინდა, ცალსახად ვთქვა, რომ მე, როგორც საკოორდინაციო საბჭოს თავმჯდომარე და პრემიერმინისტრი, არ დავუშვებ სავალდებულო ვაქცინაციას. მე მინდა, ეს ყველამ კარგად იცოდეს. ჩვენს მოქალაქეებს აქვთ თავისუფალი არჩევანის უფლება და საშუალება", - განაცხადა ღარიბაშვილმა.

მისი თქმით, ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ საქართველოში დროულად ჩამოეტანა ვაქცინები.

"მე ყველაფერი გავაკეთე იმისთვის, რომ ჩამომეტანა დროულად საკმარისზე მეტი ვაქცინები. მილიონობით ვაქცინა ჩამოვიტანეთ და პირადად მე ვიყავი ჩართული ამ მოლაპარაკების პროცესში და ყველანაირი ვაქცინები ჩამოვიტანეთ საქართველოში. ჩვენ უნდა დავარწმუნოთ მოქალაქეები და არა ვაიძულოთ, ეს არის ძალიან მნიშვნელოვანი, დავარწმუნოთ, რომ ეს არის ერთადერთი უალტერნატივო გამოსავალი. ჩვენ ორი მილიონი აცრა ჩავატარეთ და მილიონი მოქალაქის აცრა შევძელით სულ რაღაც სამ თვეში და ეს ვფიქრობ, არის კარგი, ეფექტური შედეგი", - თქვა ღარიბაშვილმა.

როგორც ის ამბობს, "ანტივაქსერების საკმაოდ მძლავრი კამპანია" ევროპასა და ამერიკაშიც არის. მისივე თქმით, "უნდა ვენდოთ მეცნიერებს და არა ყალბ ინფორმაციებს".

დღეს, 24 ოქტომბერს დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ ნოემბრიდან პროფესიულ ჯგუფებში აცრის სავალდებულობასთან დაკავშირებით შესაძლო ახალ გადაწყვეტილებებზე ისაუბრა.

მისი თქმით, მთლიანი მოსახლეობაში ვაქცინაციის ტემპის გასაზრდელად განიხილება არაპირდაპირი დავალდებულების პრინციპის დანერგვა, რაც არავაქცინირებული ადამიანებისთვის მომსახურეობების ნაწილთან წვდომის შეზღუდვაში გამოიხატება. 

24 საათში 4 209 ადამიანი აიცრა.


close დახურვა