logo
ENG



ღარიბაშვილი: სანქციები არ დაწესდება, ნუ დაგავიწყდებათ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული

03 აპრ 202216:19
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: სანქციები არ დაწესდება, ნუ დაგავიწყდებათ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული

საქართველოს პრემიერმინისტრმა, ირაკლი ღარიბაშვილმა დღეს კიდევ ერთხელ გაიმეორა, რომ საქართველო რუსეთისთვის დასავლეთის მიერ დაწესებულ სანქციებს არ შეუერთდება. 

ღარიბაშვილი ამას ეროვნული ინტერესებით ხსნის. 

"პირველივე დღეს, შემდეგაც, დღესაც და ხვალაც მე ყოველთვის ვიმოქმედებ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ხალხის ინტერესების შესაბამისად და ამ გადაწყვეტილებას ვერავინ შემაცვლევინებს. ეს არის ძალიან ერთმნიშვნელოვანი. 

ჩვენ პოლიტიკურ დონეზე უკრაინას ყველა ფორმატში, იქნებოდა ეს გაეროს, ევროკავშირის, ევროსაბჭოს, ეუთოს ფორმატში, ყველგან მხარი დავუჭირეთ. შევუერთდით ყველა პოლიტიკურ გზავნილს თუ რეზოლუციას. ამით ჩვენმა სახელმწიფომ გამოხატა სოლიდარობა უკრაინის მიმართ. 

ეკონომიკური სანქციების დაწესება საქართველოს მხრიდან არ მოხდება. მე ამ გადაწყვეტილებით ვხელმძღვანელობ ჩვენი ქვეყნის ეროვნული ინტერესებიდან გამომდინარე". - თქვა მან. 

პრემიერმინისტრის თქმით, როცა სანქციების დაწესების საკითხს განვიხილავთ, უნდა გვახსოვდეს, რომ საქართველოს ტერიტორიები ოკუპირებულია. 

ღარიბაშვილის მტკიცებით, ქართული ოცნების პოლიტიკა მშვიდობაზეა ორიენტირებული. 

"ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული და მეტი პასუხისმგებლობით მოიქცეთ. ნუ დაგავიწყდებათ, დღეს ჩვენი ქვეყანა არის ოკუპირებული. მეტი პასუხისმგებლობით უნდა მოვიქცეთ ჩვენი ხალხის მიმართ. ჩვენ 30 წლის განმავლობაში 3 ომი გადავიტანეთ, ამ ომში, სამწუხაროდ და საუბედუროდ, ასეულობით ადამიანი დაზარალდა, ათი ათასობით დევნილი გვყავს საკუთარ ქვეყანაში. ეს უნდა შეჩერდეს და ჩვენ აღარ უნდა გავიმეოროთ შეცდომები, წინდაუხედავობა აღარ უნდა გამოვიჩინოთ. 

ჩვენი პოლიტიკა არის მშვიდობაზე ორიენტირებული და დაფუძნებული. ჩვენ გვინდა მშვიდობა, სტაბილურობა და განვითარება. ეს სჭირდება დღეს ჩვენს ქვეყანას. ომი არავის სჭირდება, ომის თავიდან ასაცილებლად ნებისმიერი პატრიოტი ხელისუფალი ყველაფერს უნდა აკეთებდეს, რომ ყველაზე დიდი უბედურება და განსაცდელი, რაც არის ომი, აარიდოს საკუთარ ქვეყანას და ხალხს. მე ამ სულისკვეთებითა და პასუხისმგებლობით ვმოქმედებ". - თქვა ღარიბაშვილმა. 


close დახურვა