ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ სუს-ი მოქალაქეებს კანონიერად უსმენს.
მან ეს სუს-ის ჩანაწერების შესახებ ჟურნალისტების კითხვის პასუხად თქვა. ჩანაწერები ნიკა გვარამიამ გაასაჯაროვა და განაცხადა, რომ ეს ფარული მიყურადების შედეგად ბიძინა ივანიშვილისთვის მომზადებული ანგარიშია.
პრემიერმინისტრმა თქვა:
"სუს-ი, პოლიცია, ყველა ახორციელებს კანონით დადგენილ მოსმენებს. ეს არის მორიგი შეთქმულება და ბინძური პროვოკაცია ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი სახელმწიფო უწყების, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიმართ. რა თქმა უნდა, ზედმეტი და სერიოზული კომენტარი არ შეიძლება, ამაზე გავაკეთო".
1-ლ აგვისტოს ნიკა გვარამიამ ეთერში წაიკითხა ანგარიში, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია.
დოკუმენტში მოთხობილია დიპლომატების, პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. ჩანაწერებს შორისაა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლებს შორის საუბარიც.
ჩანაწერების ნამდვილობა მისი ფიგურანტების ნაწილმა დაადასტურა. მათ შორის, GDI-ის ყოფილმა ხელმძღვანელმა გიორგი მშვენიერაძემ.
ნიკა გვარამიას თქმით, დოკუმენტში წერია, რომ 2020 წლის 15 ივნისს საუბარი შედგა საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს დირექტორის მოადგილე გიორგი ონიანსა და EMC-ის წარმომადგენელს, გურამ იმნაძეს შორის, საუბარი შეეხო EMC-ის დირექტორის, თამთა მიქელაძის სუს-ში გამოკითხვაზე დაბარებას, ამის შემდეგ ონიანი GDI-ის მაშინდელ დირექტორს, გიორგი მშვენიერაძეს ესაუბრა.
იგივე საუბარი დაადასტურეს TI-ის დირექტორმა, ეკა გიგაურმა, ასევე, გურამ იმნაძემ და თამთა მიქელაძემ.
ასევე, ჩანაწერის ნამდვილობა დაადასტურა რადიო თავისუფლების გამომძიებელმა ჟურნალისტმა, გიორგი მგელაძემ და ფორმულას ჟურნალისტმა, ნინო გელაშვილმა.
მთავარი არხის დირექტორმა, ნიკა გვარამიამ თქვა, რომ ჩანაწერები უკანონოდ არის გაკეთებული, ხოლო უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.
სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა უარყო, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის ანგარიშებს ამზადებს.