logo
ENG



სუს-ი უარყოფს, რომ ივანიშვილისთვის პირადი ცხოვრების ანგარიშებს ამზადებდა

02 აგვ 202117:11
3 წუთის საკითხავი
 

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური უარყოფს, რომ ბიძინა ივანიშვილისთვის საჯარო პირების პირადი ცხოვრების ანგარიშებს ამზადებდა.

უწყება მთავარ არხს "მიზანმიმართულ დისკრედიტაციაში" ადანაშაულებს.

"გვსურს გამოვეხმაუროთ კონკრეტული მედიასაშუალებით გავრცელებულ მცდარ ინფორმაციას, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიერ თითქოსდა უკანონო თვალთვალისა და მიყურადების შესახებ.

აღნიშნული დეზინფორმაცია ემსახურება სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის მიზანმიმართულ დისკრედიტაციას, საზოგადოების შეცდომაში შეყვანასა და უნდობლობის გაღვივებას სახელმწიფო ინსტიტუტების მიმართ.
საინფორმაციო ომის ფარგლებში, კონკრეტული მედიასაშუალება მიმართავს ყველა ხერხს იმისათვის, რომ ქვეყანაში არსებული ვითარება საკუთარი პოლიტიკური მიზნების მისაღწევად გამოიყენოს და საზოგადოება მეტად პოლარიზებული გახადოს.

სამწუხაროდ, სამოქალაქო საზოგადოებისა და პოლიტიკური პარტიების ცალკეული წარმომადგენლები, ნებსით თუ უნებლიედ, ხდებიან ამ პროვოკაციული და სახელმწიფოსთვის დამაზიანებელი დეზინფორმაციული კამპანიის მონაწილეები.

სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახური თავის საქმიანობას ახორციელებს კონსტიტუციისა და სამართლის ნორმების სრული დაცვით, ნებისმიერ საქმესთან დაკავშირებით გაჩენილი კითხვების შემთხვევაში, ყველა დაინტერესებულ პირს შეუძლია მიმართოს შესაბამის უწყებას და სამართლებრივი გზით მოიპოვოს ინფორმაცია.

სახელმწიფო უწყებების მადისკრედიტირებელი, დეზინფორმაციული კამპანია წარმოადგენს ანტისახელმწიფოებრივ ქმედებას და მტრულად განწყობილი ქვეყნის ინტერესებში შედის. კიდევ ერთხელ აღვნიშნავთ, რომ მსგავსი ქმედება ხელს უშლის ქვეყნის სტაბილურობას და მოქალაქეების მიზანმიმართულ შეცდომაში შეყვანას ემსახურება", - ნათქვამია განცხადებაში.

ნიკა გვარამიამ გუშინ, 1 აგვისტოს ეთერში წაიკითხა დოკუმენტი, რომელიც, მისი თქმით, სუს-ის მომზადებულია - მასში მოთხობილია პოლიტიკოსების, ჟურნალისტების, სასულიერო და საზოგადოებრივად აქტიური პირების პირადი ცხოვრების დეტალები. გვარამიას თქმით, ჩანაწერებში ათობით საუბარია მოყვანილი და ასახავს ეს პირები ვის, როდის და რა ვითარებაში შეხვდნენ. 

ის კონკრეტულ ადამიანებზე გაკეთებული ჩანაწერების შინაარს დაახლოებით 30 წუთის განმავლობაში კითხულობდა და ზოგიერთ პირს, იდენტიფიცირების თავიდან ასარიდებლად, ინიციალებით მოიხსენიებდა.

მისი თქმით, ამ უკანონო მიყურადებისა და თვალთვალის ბრძანებებს სუს-ის უფროსი გრიგოლ ლილუაშვილი, სუს-ის მოადგილე ლევან ახობაძე და სუს-ის ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოს ე.წ. ოტოს დირექტორი კობა კობაძე გასცემდნენ.

ფორმულას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში უთხრეს, რომ ამაზე "რა თქმა უნდა, კომენტარის გაკეთება არ იგეგმება".


close დახურვა