logo
ENG



ღარიბაშვილი: ტყუილია, რომ ოცნებამ 1 წლის წინ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა და არ შეიძინა

04 აგვ 202314:32
3 წუთის საკითხავი
 
2023/08/04/k1wnhlchw2en1su.png

საქართველოს პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ სიცრუეა, რომ ხელისუფლებამ 1 წლის წინ ვერტმფრენების შეძენა გადაწყვიტა და არ შეიძინა.

ამის შესახებ ღარიბაშვილმა ონში შოვში მომხდარი სტიქიის შესახებ გამართული საკოორდინაციო საბჭოს სხდომის შემდეგ ისაუბრა.

მისი თქმით, მედია "სამარცხვინო სპეკულაციას" ეწევა.

ღარიბაშვილის აზრით, ახლა მთავარი ისაა, რომ მაშველებმა სტიქიის ზონიდან 210 ადამიანი უვნებლად გამოიყვანეს.

"ამორალურ ქმედებას ეწევით, მოსახლეობას ატყუებთ, რომ თურმე, ჩვენ, მთავრობამ გადაწყვიტა ვერტმფრენების შეძენა, გავიდა 1 წელი და თურმე, ჩვენ არ შევიძინეთ. ასეთ არასერიოზულ ტყუილებზე, გთხოვთ, რომ ასეთ დროს მაინც შეიკავოთ თავი" - განაცხადა ღარიბაშვილმა.

კითხვაზე, რატომ არ სთხოვა ხელისუფლებამ დახმარება მეზობელ ქვეყნებს, მაგალითად თურქეთსა და აზერბაიჯანს, ღარიბაშვილმა თქვა, რომ "ამის საჭიროება არ იყო".

ოცნება ჯერ კიდევ 2013 წელს აკრიტიკებდა წინა მთავრობას "არა სამხედრო დანიშნულების, არამედ სამოქალაქო დანიშნულების ვერტფრენის შესყიდვის" გამო და აცხადებდა, რომ "გადაწყვეტილი ჰქონდათ 2 SUPER PUMA–ს ტიპის ვერტფრენის გასხვისება".

2017 წლის 8 აგვისტოს მთაწმინდის ფერდობზე ხანძრის ლიკვიდაცია ხმელეთიდან მოხდა.

ამ პერიოდში კვლავ განახლდა საუბარი სამაშველო ვერტმფრენების აუცილებლობისა და Super Puma-ს თვითმფრინავების გადაკეთების ან სამაშველო ვერტმფრენებში გადაცვლის შესახებ.

შსს-ის სასაზღვრო პოლიციის ავიაციის პილოტმა იოსებ არჯევანიშვილმა ნეტგაზეთს განუცხადა, რომ შსს გეგმავდა Super Puma ტიპის თვითმფრინავების გადაკეთებას და შესაბამისი ხელშეკრულება ევრო კოპტერთან დადეს. შსს ასევე აცხადებდა, რომ კომპანია ეარ ბასთან აწარმოებდა მოლაპარაკებებს, რომ ერთ-ერთი Super Puma სამ სამაშველო ტიპის ვერტმფრენზე გადაეცვალათ.

2022 წლის 29 აგვისტოს კი გუდაურში სამაშველო ოპერაციისას ვერტმფრენის ჩამოვარდნისა და ეკიპაჟის 8 წევრის დაღუპვის შემდეგ, ირაკლი ღარიბაშვილმა კვლავ ისაუბრა დამატებითი სამაშველო ვერტმფრენების აუცილებლობაზე. 

ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ ოცნება წინა მთავრობის მიერ ნაყიდ "სუპერ პუმას" ვერტმფრენს გაყიდის და ამ თანხით 3 ახალ ვერტმფრენს შეიძენს.

პრემიერის განცხადებით, ამის თაობაზე გომელაურის უწყება აქტიურ მოლაპარაკებებს აწარმოებს, რომლებშიც ფინანსთა სამინისტროც იღებს მონაწილეობას. 

"მოგეხსენებათ, რომ სახელმწიფოს ყავს ერთი ძვირადღირებული, ფუფუნებისთვის განკუთვნილი ვერტმფრენი, რომელიც წინა ხელისუფლების მიერ არის შეძენილი, ყოფილი პრეზიდენტისთვის და რამდენიმე ათეული მილიონი ევრო არის გადახდილი. ეს იყო ჩვენი გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენით არავის ესარგებლა და მინდა აღვნიშნო, რომ მიუხედავად იმ სპეკულაციებისა თითქოს ეს ვერტმფრენი გამოიყენება სამაშველო ოპერაციებში, ეს არის ტყუილი. ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ ამ ვერტმფრენს გადავცემთ უკან მის გამომშვებ ქარხანას, გავყიდით და სანაცვლოდ 3 ახალ ვერტმფრენს შევიძენთ, ისეთებს , რომლებიც სხვადასხვაა ოპერაციებისთვის გამოგვადგება."- განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა. 


close დახურვა