პრემიერმინისტრობის კანდიდატი, ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ ქართული ოცნება კატეგორიულ უარს ამბობს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს.
"ეს საკითხი არის დახურული, ეს საკითხი არ განიხილება". - თქვა მან არსებითად ერთპარტიული პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე, სადაც ღარიბაშვილის მთავრობა უნდა დაამტკიცონ.
მან მიმართა, მისი თქმით, "ოპოზიციის ჯერ კიდევ კონსტრუქციულ ძალებს, შევიდნენ პარლამენტში".
"მათ აქვთ უნიკალური შანსი, მიიღონ რეალური მონაწილეობა აქტიურ პოლიტიკურ ცხოვრებაში. რეალური დებატები გავმართოთ იმ ეკონომიკურ გეგმებთან მიმართებაში, რომელსაც მე წარმოვადგენ. ვიმსჯელოთ ნებისმიერ პრობლემაზე, რომელიც ჩვენს მოსახლეობას რეალურად აწუხებს: ჯანდაცვა, განათლება, ტურიზმი. ნებისმიერი სექტორი ავიღოთ. ამაზე ვიკამათოთ და ვიმსჯელოთ. ეს გაუთავებელი ურთიერთბრალდებები, ურთიერთშეურაცხყოფები მეც არ მსიამოვნებს. მაგრამ როცა გლანძღავენ უშვერი სიტყვებით, ცილისწამებით, საშინელი ბრალდებით, გიჩნდება ერთადერთი სურვილი, რომ უპასუხო და არ დატოვო რეაგირების გარეშე". - თქვა ღარიბაშვილმა.
მისივე განცხადებით, ოპოზიციის ბოიკოტი არის უნიკალური შესაძლებლობა, რომელსაც თან პოზიტივიც ახლავს - ენმ პარლამენტში არ შესულა.
"ვერც ვინატრებდით, რომ ნაცმოძრაობის რადიკალური, დესტრუქციული ძალები არ შემოსულიყვნენ პარლამენტში. ეს შეიძლება ყოფილიყო ჩვენი ოცნება, მაგრამ ასე მოხდა ბუნებრივად მათივე არჩევანით, მათი სურვილით.
თუ მოახერხებენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომ გაემიჯნონ სააკაშვილის ძალადობას და შანტაჟს, ამას მხოლოდ მივესალმებით. მზად ვართ კონსტრუქციული თანამშრომლობისთვის, დიალოგისთვის, როგორც არის თანამედროვე დემოკრატიული ქვეყნების პრაქტიკაში.
მაგრამ ჩვენ, რა თქმა უნდა, კატეგორიულად ვაცხადებთ უარს ნებისმიერ მოლაპარაკებაზე, რომელიც უკავშირდება რიგგარეშე არჩევნებს, ეს საკითხი არის დახურული, ეს საკითხი არ განიხილება". - თქვა მან.
ოპოზიციის უმეტესი ნაწილი 31 ოქტომბრის არჩევნების შედეგებს გაყალბებულად მიიჩნევს და პარლამენტში შესვლაზე უარს ამბობს. პარტიები რიგგარეშე არჩევნების ჩატარებას ითხოვენ შეცვლილი საარჩევნო ადმინისტრაციის პირობებში, ასევე მათი მოთხოვნა არის პოლიტიკური პატიმრების გათავისუფლება. ოპოზიციას და ხელისუფლებას შორის აშშ-ის ელჩის რეზიდენციაში მოლაპარაკებების 4 რაუნდი შედგა, თუმცა უშედეგოდ.
დასავლელი პარტნიორები პოლიტიკოსებს დიალოგისკენ მოუწოდებენ, თუმცა, ქართული ოცნება დათმობას არ აპირებს.