logo
ENG



ღარიბაშვილი: ფაიზერის მილიონი დოზა, ალბათ, ერთ თვეში, თვე-ნახევარში შემოვა ეტაპობრივად

26 ივლ 202111:07
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილი: ფაიზერის მილიონი დოზა, ალბათ, ერთ თვეში, თვე-ნახევარში შემოვა ეტაპობრივად
საქართველოს მთავრობა

პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის ინფორმაციით, ფაიზერის ვაქცინის ერთი მილიონი დოზა საქართველოში ეტაპობრივად დაახლოებით თვე-ნახევარში შემოვა. ეს ღარიბაშვილმა მთავრობის სხდომაზე თქვა და აღნიშნა, რომ ამ დროისთვის ქვეყანაში ორი მილიონი ვაქცინაა.

"დღეს ქვეყანაში გვაქვს 2 მილიონი ვაქცინა. მილიონ ნახევარი არის ჩინური და ნახევარი მილიონი არის ფაიზერი. გარდა ამისა, მილიონი დოზა ფაიზერი ჩვენ პირდაპირ მწარმოებელს დავუკვეთეთ და მოწოდება უკვე დაწყებულია, პროცესი მიმდინარეობს. ჯამში, ჩვენ გვექნება 3 მილიონი ვაქცინა, 2 მილიონი ადგილზეა, მილიონი ალბათ ერთ თვეში, თვე-ნახევარში შემოვა ეტაპობრივად", - თქვა ღარიბაშვილმა.

ამასთან, მან პრეზიდენტ ბაიდენს მადლობა გადაუხადა საქართველოში 24 ივლისს შემოსული ფაიზერის ნახევარი მილიონი დოზისთვის, რომელიც ქვეყანას აშშ-მ აჩუქა.

რაც შეეხება შეძენილს, საქართველოში მთავრობის მიერ შეძენილი 28 000 დოზა ფაიზერის ვაქცინა 14 ივლისს შემოვიდა.

დღევანდელ მთავრობის სხდომაზე ღარიბაშვილმა მოსახლეობას აცრისკენ კიდევ ერთხელ მოუწოდა.

"აცრის შემდეგ გარდაცვალება, რაც ყველაზე მტკივნეულია ჩვენთვის, არის პრაქტიკულად, გამორიცხული. მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველას, რომ ჩავიტაროთ აცრა.

ბევრი დეზინფორმაცია ვრცელდება ვაქცინების თაობაზე და მინდა ვთხოვო ყველას, რომ დავუჯეროთ მეცნიერებს და არა facebook-ის საშუალებით გავრცელებულ ათას ტყუილს", - აღნიშნა ღარიბაშვილმა.

26 ივლისის მონაცემებით, სრულად ვაქცინირებულია 139 756 ადამიანი.

დღეს, 26 ივლისს, საქართველოში კორონავირუსის 1 264  ახალი შემთხვევა გამოვლინდა, 26 ადამიანი გარდაიცვალა.

ქვეყანაში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. 


close დახურვა