საქართველოს თავდაცვის მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა, პარლამენტში სიტყვით გამოცვლის დროს ჯარში გენდერის თემაზე ისაუბრა. მისი განცხადებით, ქალებისთვის ჯარში წასვლა სავალდებულო არაა, მაგრამ მათი მხრიდან ინტერესი არის, რასაც საქართველოს თავდაცვის სამინისტრო ხელს შეუწყობს.
მინისტრის თქმით, სულ ახლახან „ბისითის“ საწყის საბრძოლო მომზადების კურსზე 25 მანდილოსანი ჩაეწერა და კარგი იქნება თუ ქალების უფრო მეტი რაოდენობა გამოთქვამს სურვილს.
„თავდაცვის სამინისტრო ლიდერია გენდერის საკითხებში მიღწეული პროგრესით. ჩვენს სისტემაში 8 პროცენტს წარმოადგენენ ქალები. სამოქალაქო ნაწილში არის 51% მანდილოსანი, ხოლო მისიებში2,7%.
სულ ახლახან 25 მანდილოსანი ჩაეწერა „ბისითის“ საწყის საბრძოლო მომზადების კურსზე, რომელიც ახლახანს დავიწყეთ. ეს კიდევ ერთხელ ადასტურებს იმას, რომ ინტერესი ქალების მხრიდან მზარდია, რასაც თავდაცვის სამინისტრო ხელს შეუწყობს. ქალებისთვის ჯარში წასვლა სავალდებულო არაა, მაგრამ ვინაიდან ქალებს აქვთ პრეტენზია და ასეც არის, რომ არავითარი განსხვავება არ უნდა იყოს, მათ შორის ისეთ საკითხში, როგორიც არის ქვეყნის სიყვარული და ვალდებულების მოხდა ჩვენი ქვეყნის წინაშე, ვფიქრობ, რომ ამ მიმართულებითაც ქალებმა უფრო მეტად უნდა იაქტიურონ. ქალებმა უფრო მეტი სურვილი უნდა გამოთქვან ჯარში წასვლასთან დაკავშირებით“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.