logo
ENG



ღარიბაშვილი: ღმერთმა არ ქნას, ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს

23 ოქტ 202115:19
3 წუთის საკითხავი
clock 630
ღარიბაშვილი: ღმერთმა არ ქნას, ოპოზიციის კანდიდატმა გაიმარჯვოს

ირაკლი ღარიბაშვილი ამბობს, რომ 2017 წლის თვითმმართველობის არჩევნებში, ოზურგეთსა და თიანეთში მერები ქართული ოცნების კანდიდატები არ გახდნენ, რის შედეგადაც არ იყო გამართული კოორდინაცია ცენტრალურ მთავრობასთან. 

მისი თქმით, სწორედ ამიტომ, საჭიროა, 2021 წლის არჩევნების შედეგად ყველა მუნიციპალიტეტის მერი მმართველი პარტიის წარმომადგენელი იყოს. 

"მინდა მოვიყვანო ოზურგეთის და თიანეთის მაგალითი. ამ ორ მუნიციპალიტეტში ქართულმა ოცნებამ წააგო არჩევნები 2017 წელს და ამ ორივე რაიონში იყო სხვა კანდიდატი, არჩეული მერი. მას შემდეგ ორივე მუნიციპალიტეტში არ იყო რეალურად გამართული კოორდინაცია სამხარეო ადმინისტრაციასთან, გუბერნატორთან, სხვადასხვა სამინისტროების სამსახურებთან, ცენტრალურ მთავრობასთან. ცენტალური მთავრობა მუნიციპალიტეტში, რეგიონებში უამრავ საქმეს აკეთებს. ახლა ჩვენ დავიწყეთ ურბანული განახლების, რეაბილიტაციის პროექტები მასშტაბური. გვინდა, ამისი მასშტაბები გავზარდოთ. როგორ წარმოგიდგენიათ, რომ იყოს [გამარჯვებული] ოპოზიციური კანდიდატი? ღმერთმა არ ქნას, რომ ასე მოხდეს. მაგრამ ეს რომ მოხდეს, იქნება მათი მხრიდან მუდმივი საბოტაჟი, ქაოსი, არეულობა, პანიკა და გადაბრალება ცენტრალურ მთავრობაზე. მე ამაზე ვთქვი, ხალხისთვის უმჯობესია და მჯერა, ჩვენი ხალხი სწორ არჩევანს გააკეთებს". - თქვა დღეს, 23 ოქტომბერს ირაკლი ღარიბაშვილმა წყალტუბოში. 

პრემიერმინისტრმა უკვე რამდენჯერმე თქვა, რომ ოპოზიციის კანდიდატები, გამარჯვების შემთხვევაში, ცენტრალური მთავრობის გარეშე "ნაბიჯს ვერ გადადგამენ".

გუშინ, 22 ოქტომბერს ღარიბაშვილმა სენაკში განაცხადა, რომ ენმ-ის მერობის კანდიდატს, კობა ნაყოფიას გამარჯვების შემთხვევაში პერსპექტივა არ აქვს. 


close დახურვა