logo
ENG



ღარიბაშვილი: შემდეგი არჩევნები 2024-ში ჩატარდება, პატიმრების გათავისუფლება არ მეხება

16 მარ 202118:58
3 წუთის საკითხავი
clock 12625

პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ასოცირების საბჭოს სხდომის შემდგომ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლება მას არ ეხება, შემდგომი არჩევნები კი, მისი თქმით, 2024 ში ჩატარდება. 

პრემიერმა ხელახალ არჩევნებზე კითხვის პასუხად საერთაშორისო დამკვირვებლების ანგარიშები გაიხსენა, რომლებშიც, მისი თქმით, 2020 წლის ოქტომბრის არჩევნები სამართლიანად და გამჭვირვალედ არის მიჩნეული. 

"რაც შეეხება შეკითხვას ვადამდელ არჩევნებზე, იმავეს ვიტყვი, რაც აქ უმაღლესმა წარმომადგენელმა თქვა, რომ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, ჩატარდება თუ არა ვადამდელი არჩევნები - ეს ცხადად წერია კონსტიტუციაში", - განაცხადა ღარიბაშვილმა ჟურნალისტის კითხვის პასუხად, - "ჩვენ გვქონდა ძალიან თავისუფალი, სამართლიანი და გამჭვირვალე არჩევნები 2020 წლის ოქტომბერში. ყველა საერთაშორისო ორგანიზაციამ, ეუთო/ოდირმა და საერთაშორისო დამკვირვებლებმა აღიარეს ეს არჩევნები, როგორც თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული. შესაბამისად, შემდეგი საპარლამენტო არჩევნები საქართველოში ჩატარდება 2024 წელს". 

რადიო თავისუფლების შეკითხვა დაპატიმრებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას და მართლმსაჯულების სიღრმისეული რეფორმის გატარებასაც შეეხებოდა, რაზეც ღარიბაშვილმა განაცხადა, რომ პატიმრების საკითხს ის არ წყვეტს, მათი ბედი მართლმსაჯულების სისტემამ და სასამართლომ უნდა გადაწყვიტოს.

"პოლიტიკოსობა არ ნიშნავს იმუნიტეტის ქონას. თუკი პოლიტიკოსი ჩაიდენს დანაშაულს, ან უკანონო ქმედებას, რა თქმა უნდა, ის უნდა იყოს ანგარიშვალდებული საკუთარი ქმედებისთვის" - განაცხადა ღარიბაშვილმა, - "ამიტომ ვიტყვი, რომ ჩემი გადასაწყვეტი არ არის, როდის ან როგორ უნდა გათავისუფლდეს რომელიმე პატიმარი. ადამიანის დაპატიმრება ან მისი პატიმრობიდან გათავისუფლება კანონის უზენაესობის, მართლმსაჯულების სისტემის და სასამართლოს გადაწყვეტილების საკითხია". 

ღარიბაშვილის განცხადებას ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების მიმართულების ხელმძღვანელის, ჟოზეფ ბორელის პასუხი უსწრებდა წინ. კითხვაზე, ესახება თუ არა ხელახალი არჩევნების ჩატარება ჩიხში შესული პოლიტიკური ვითარებიდან შესაძლო გამოსავლად, ბორელმა განაცხადა, რომ ახალი არჩევნების საკითხი მისი გადასაწყვეტი არ არის. 

"ერთადერთი შემიძლია გითხრათ, რომ ოდირმა ეს არჩევნები თავისუფლად და სამართლიანად მიიჩნია", - განაცხადა ბორელმა, რაზეც მას ღარიბაშვილმა მადლობა გადაუხადა.   

კითხვებზე პასუხების შემდეგ ბორელმა აღნიშნა, რომ ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენლებს უჩვეულო ვითარებაში უწევდათ კითხვებზე პასუხების გაცემა, ვინაიდან მათი უმრავლესობა საქართველოს შიდა პოლიტიკურ პრობლემებს შეეხებოდა, რაც ევროკავშირთან ასოცირების საკითხს სცდება. 

"მსურს ხაზი გავუსვა, რომ ეს ასოცირების საბჭო, რომელმაც მრავალთა ყურადღება მიიქცია, არ არის ჩვეული ვითარება. ჩვენ რთულ მდგომარეობაში ვართ, ჩვეული ვითარებისგან განსხვავებით, ვსაუბრობთ საქართველოს შიდა პოლიტიკურ პრობლემებზე, რაც ასოცირების საბჭოს ყველაზე მნიშვნელოვანი ასპექტი არ არის", - განაცხადა ბორელმა

ბრიუსელში გამართული შეხვედრების პარალელურად, კვლავ საქართველოში რჩება ევროპული საბჭოს პრეზიდენტის შარლ მიშელის სპეციალური წარმომადგენელი ქრისტიან დანიელსონი, რომელმაც ხელისუფლებასა და ოპოზიციას შორის მედიაციის და შეთანხმების მიღწევის მიზნით, ვიზიტი ორი დღით გაახანგრძლივა. 

ამ დრომდე გამართული შეხვედრების შემდეგ ყველა მხარე აცხადებს, რომ გარკვეულ საკითხებზე პოზიციების დაახლოება ჯერ არ მომხდარა. 


close დახურვა