logo
ENG



ღარიბაშვილი: წარმატებული საგარეო პოლიტიკის ფარგლებში შთამბეჭდავი შედეგები გვქონდა

09 აგვ 202115:06
3 წუთის საკითხავი
 

ირაკლი ღარიბაშვილი ამტკიცებს, რომ ქართული ოცნების ხელისუფლების პირობებში, ბოლო 8 წლის განმავლობაში, საქართველოს წარმატებული საგარეო პოლიტიკა ჰქონდა, რამაც შთამბეჭდავი შედეგები მოიტანა. 

საგარეო საქმეთა სამინისტროს 10-წლიანი გეგმის პრეზენტაციაზე ღარიბაშვილმა თქვა, რომ მიღწეული შედეგებიდან პირველი ევროკავშირთან ასოცირების შეთანხმებაა. 

პრემიერმინისტრმა ასევე ხაზი გაუსვა უვიზო მიმოსვლის მიღწევას ევროკავშირთან. 

"მე მახსენდება ჯერ კიდევ ჩემი შინაგან საქმეთა მინისტრობის პირველი დღეები, როდესაც, მაშინ, იმ დროინდელმა კომისარმა სესილია მალმსტრომმა გადმომცა ვიზალიბერალიზაციის სამოქმედო გეგმა. მოგეხსენებათ, რომ მაშინ, იმ დროინდელი ჩემი სამინისტროს გასაკეთებელი იყო, დაახლოებით 70% ჩვენს სამინისტროზე მოდიოდა.

შემდეგ უკვე პრემიერ-მინისტრობის რანგში, თქვენთან ერთად, ძვირფასო კოლეგებო, ჩვენ მივაღწიეთ იმას, რომ წარმატებით დავხურეთ, ნაკისრი ვალდებულებები შევასრულეთ პირნათლად და 2015 წლის ბოლოს, 17 დეკემბერს, მივიღეთ საბოლოო დასტური და მწვანე შუქი ევროკავშირისგან, იმის თაობაზე, რომ საქართველოს მოქალაქეები უვიზოდ იმოგზაურებდნენ ევროკავშირში, რაც ძალიან მალე  უკვე პრაქტიკულად  აღსრულდა და ეს არის ძალიან დიდი, მნიშვნელოვანი წარმატება ჩვენი ქვეყნისა და ჩვენი მოქალაქეებისთვის. ეს ნიშნავს ნდობას, რომელიც გამოგვიცხადა ჩვენ ევროკავშირმა". - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, ხელშესახები შედეგებია ნატოსთან მიმართებაში. 

ირაკლი ღარიბაშვილმა ასევე ხაზი გაუსვა, რომ ხელშესახები პროგრესი იყო მიღწეული ნატოსთან მიმართებაში. 

10-წლიანი გეგმის ფარგლებში მთავარ მიზნად მან სწორედ ჩრდილო-ატლანტიკურ ალიანსში საქართველოს გაწევრიანება დაასახელა. 


close დახურვა