5 ივლისს ჟურნალისტებსა და მოქალაქეებზე განხორციელებულ მასობრივ ძალადობას პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი "რაღაც ჩხუბს" უწოდებს და ამბობს, რომ მომხდარი "სახელმწიფომ აღკვეთა".
ჟურნალისტის შეკითხვაზე, რატომ არ არიან დასჯილი მოძალადეები, ღარიბაშვილმა უპასუხა, რომ "ყველა მოძალადე დასჯილია".
"ერთ რამეს გეტყვით, სააკაშვილის დროს იყო სახელმწიფო მოძალადე. როგორც ტელევიზიაზე, ბიზნესზე, მოქალაქეზე, ყველაზე. ქუჩაში თუ რაღაც ჩხუბი მოხდა, ეს სახელმწიფომ აღკვეთა და ყველა მოძალადე დაიჭირა", - თქვა ღარიბაშვილმა.
5 ივლისს Tbilisi Pride-ის ორგანიზებით "ღირსების მარში" უნდა ჩატარებულიყო. ამავე დღეს კონტრაქცია დააანონსა საქართველოს საპატრიარქომ.
რუსთაველის გამზირი დილიდან ძალადობრივმა ჯგუფებმა დაიკავეს. მათ დაარბიეს პარლამენტის წინ აქტივისტების კარვები, თავს დაესხნენ და ფიზიკური შეურაცხყოფა მიაყენეს მედიის წარმომადგენლებს.
სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშავდა 53 ჟურნალისტი. მათ შორის ტვ პირველის ოპერატორი ლექსო ლაშქარავა, რომელიც 11 ივლისს გარდაიცვალა.
5-6 ივლისს ძალადობრივი კონტრაქციის დროს ჟურნალისტისთვის პროფესიულ საქმიანობაში ძალადობის მუქარით, უკანონოდ ხელის შეშლის, ძალადობითა და ძალადობის მუქარით დევნის, ასევე, ჯგუფური ძალადობის ფაქტებზე სულ დაკავებულია 28 ადამიანი.
ამ დრომდე დაკავებულები არ არიან აქციის ორგანიზატორები.