logo
ENG



ღარიბაშვილი IRI-ზე: არასოდეს ვენდობოდით ენმ-ის კვლევითი ორგანიზაციების ჩატარებულ კვლევებს

03 აგვ 202114:59
3 წუთის საკითხავი
clock 1229

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი IRI-ს საზოგადოებრივი აზრის კვლევას ეხმაურება და ამბობს, რომ "ნაციონალური მოძრაობის მიერ დაკვეთილ კვლევებს არ ენდობა". 

ჟურნალისტებთან საუბრისას ღარიბაშვილმა თქვა, რომ NDI-ს და IRI-ს მიერ ჩატარებული კვლევები დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს.

ამასთან, როგორც მან აღნიშნა, მთავარი კვლევა ქვეყანაში არჩევნების დღე იქნება. 

"ჩვენ არასოდეს არ ვენდობოდით ნაციონალური მოძრაობის კვლევითი ორგანიზაციების ჩატარებულ კვლევებს ადგილზე. ჩვენ, რა თქმა უნდა, IRI​-ს და NDI-ს პატივს ვცემთ, მაგრამ მათ მიერ დაქირავებული და ადგილზე ჩატარებული კვლევები ძალიან დიდ კითხვის ნიშნებს იწვევს.  ორგანიზაციები, რომლებიც ადგილზე ატარებენ კვლევებს და საველე სამუშაოებს, არიან უშუალოდ მართული და კონტროლირებული ნაცმოძრაობის მიერ. არავითარ ნდობას არ იმსახურებს არც IRI-ს და არც NDI-ს მიერ დაკვეთილი კვლევები. ყველაზე მთავარი კვლევა არის არჩევნების დღე", - ამბობს ღარიბაშვილი. 

საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI) კვლევის თანახმად, 2021 წლის ოქტომბრის თვითმმართველობის არჩევნები მომავალ კვირას რომ ტარდებოდეს, მოსახლეობის 26% ქართულ ოცნებას მისცემდა ხმას, 14% ნაციონალურ მოძრაობას, 9% კი გიორგი გახარიას პარტიას.

ამასთან, ამავე კვლევის მიხედვით, გამოკითხული მოსახლეობის 51% ხელისუფლების მუშაობას ნეგატიურად აფასებს. [23% - ძალიან ცუდად, 28% - უფრო ცუდად, ვიდრე კარგად]

მოსახლეობის მხოლოდ 7%-ს მიაჩნია, რომ მთავრობა კარგად მუშაობს. 38% ფიქრობს, რომ ხელისუფლების მუშაობა დამაკმაყოფილებელია, ხოლო 4%-ს კითხვაზე პასუხი არ აქვს. 

რაც შეეხება რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნების ჩატარების საკითხს, გამოკითხულთა 51% რიგგარეშე საპარლამენტო არჩევნებს სრულად ან ნაწილობრივ ეთანხმება.

კვლევის საველე სამუშაოები 15-დან 30 ივნისამდე პერიოდში, პირისპირ ინტერვიუების სახით ჩატარდა. გამოიკითხა საქართველოში მცხოვრები 1 500 მოქალაქე, 18 წლის ან უფროსი ასაკის.


close დახურვა