logo
ENG



ღარიბაშვილი აგვისტოს ომში კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს

08 აგვ 202111:55
3 წუთის საკითხავი
 

საქართველოს პრემიერმიინსტრი, ირაკლი ღარიბაშვილი აგვისტოს ომში კვლავ წინა ხელისუფლების პასუხისმგებლობაზე ლაპარაკობს. 

მუხათგვერდის სასაფლაოზე, სადაც მან 2008 წლის აგვისტოს ომში დაღუპული ჯარისკაცების ხსოვნას პატივი მიაგო, თქვა, რომ ის, რაც 13 წლის წინ მოხდა, "ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაციაა, რომელიც არც ერთმა ხელისუფლებამ არ უნდა გაიმეოროს". 

"აგვისტოს ომის შემდეგ გამოუსწორებელი შედეგები დადგა. ქვეყანაში დაკანონდა ოკუპაცია. ტერიტორიის 20% არის ოკუპირებული და მითვისებული რუსეთის მიერ. 

მე გარდაცვლილი გმირების ოჯახების წინაშე აღარ მინდა ვილაპარაკო იმ პასუხისმგებლობაზე, რომელიც ეკისრება წინა ხელისუფლებას. 

ამის თაობაზე ჩვენ გავაკეთეთ შეფასება და ვერდიქტი გამოტანილი აქვს ქართველ ხალხს, მაგრამ მინდა ყველას შევახსენო, რომ მსგავსი ანტისახელმწიფოებრივი პროვოკაცია არასოდეს აღარ უნდა გაიმეოროს არც ერთმა ხელისუფლებამ.

ეს არის ჩვენი ვალი, რომ დავიცვათ ჩვენი ქვეყანა, ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა, სუვერენიტეტი და დავიცვათ ჩვენი ხალხი, ყოველი აგრესიისგან, დამპყრობლებისგან და ოკუპანტებისგან - ეს უნდა იყოს ჩვენი საზრუნავი". - თქვა ღარიბაშვილმა. 

მისივე თქმით, ქართული ოცნების ხელისუფლებას არჩეული აქვს "პრაგმატული და გონივრული პოლიტიკა ოკუპაციის დასაძლევად და დეოკუპაციის მისაღწევად".

"ამას სჭირდება მუხლჩაუხრელი შრომა, ამას სჭირდება გონივრული პოლიტიკა.

ჩვენი მმართველობის პერიოდი გამორჩეული არის იმითაც, რომ ჩვენ ხალხს და ჩვენს ქვეყანას ავარიდეთ კიდევ უფრო მეტი ესკალაცია, მეტი სირთულეები და ავარიდეთ ომი და ის ნგრევა, რაც მოაქვს ომს. ჩვენი მიზანმიმართული, თანმიმდევრული და მშვიდობიანი პოლიტიკით მე მჯერა, რომ დადგება დრო, როცა ჩვენი ქვეყანა გამთლიანდება". - თქვა პრემიერმინისტრმა. 

5-დღიანი ომი საქართველოს წინააღმდეგ რუსეთმა 2008 წლის 7 აგვისტოს დაიწყო. თუმცა, სამხედრო ესკალაცია იმავე წლის აპრილიდან დაიწყო და მას რამდენიმე მიზეზი ჰქონდა. ერთ-ერთი NATO-ს ბუქარესტის სამიტი იყო, სადაც ითქვა, რომ საქართველო აუცილებლად გახდებოდა ნატოს წევრი. რუსეთმა მაშინ განაცხადა, რომ არ გააკეთებდა „ყველაფერს, რათა არ დაეშვა უკრაინის და საქართველოს ნატოში გაწევრიანება". 

თუმცა, მმართველი გუნდის წარმომადგენლები არ ფიქრობენ, რომ ომი 2008 წლის აგვისტოს 7 აგვისტოს რუსეთმა დაიწყო. მათი აზრით, ომი დაიწყო 8 აგვისტოს, როცა საქართველოს ექსპრეზიდენტმა სააკაშვილმა რუსეთის ჯარს ცეცხლი გაუხსნა. 

2008 წლის 12 აგვისტოს გაფორმდა ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, რომელსაც რუსეთი ამ დრომდე არღვევს. 6-პუნქტიანი გეგმა, მათ შორის, იმასაც გულისხმობს, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალები უნდა დაბრუნდნენ მათი ჩვეულებრივი დისლოკაციის ადგილებში; თუმცა, რუსეთის საოკუპაციო რეჟიმის გამო ეს ვერ ხერხდება. რუსეთი აგრძელებს მცოცავ ოკუპაციას, ავლებს მავთულხლართებს, იტაცებს მიწებს, მოსახლეობის საქონელს და თავად ადამიანებსაც. 

რუსული საოკუპაციო ძალების ინტერვენციების შედეგად საქართველოს 228 მშვიდობიანი მოქალაქე, 170 სამხედრო და 14 პოლიციელი დაიღუპა. საკუთარი საცხოვრებელი 150 ათასმა ადამიანმა დატოვა, მათი დიდი ნაწილი კვლავ დევნილია. 


close დახურვა