პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა 22 ნოემბრის მთავრობის სხდომაზე განაცხადა, რომ შეადგენენ ახალ სოციალურ პროგრამას, რომლის მიხედვით, სოციალურად დაუცველი მოქალაქეები უნდა დასაქმდნენ და დახმარების ნაცვლად, ხელფასი მიიღონ.
ღარიბაშვილის თქმით, არსებული პროგრამა "მანკიერია" და დახმარების შეწყვეტის შიშით შრომისუნარიან ადამიანებს არ აქვთ მოტივაცია, პირობები გაიუმჯობესონ.
"არსებული სოციალური პოლიტიკის ფარგლებში, ზრდასრული შრომისუნარიანი მოსახლეობა, ჩვენი მოქალაქეები შევაჩვიეთ უმუშევრობას და სიღარიბეს. შრომისუნარიანი სოციალურად დაუცველი მოქალაქე არ არის მოტივირებული, რომ დაიწყოს სამსახური.
[...] უნდა შევქმნათ ახალი პროგრამა, საზოგადოებრივი საქმის, სამუშაო ადგილების პროგრამა. ჩვენ სოციალური დახმარების ნაცვლად, შრომისუნარიან მოქალაქეებს უნდა შევთავაზოთ სამუშაო ადგილები.
დღეის მდგომარეობით, დაახლოებით, 600 ათასი სოციალურად დაუცველი ადამიანი გვყავს. აქედან, მინიმუმ 200 ათასი არის შრომისუნარიანი მოქალაქე. [...] ის დახმარება, რაც მათ დღეს ეძლევათ, ხელფასის სახით უნდა მიიღონ. ამის გარდა, შეუძლიათ მოიძიონ დამატებით სამუშაო", - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.
მანვე აღნიშნა, რომ უახლოეს რამდენიმე კვირაში წარადგენენ ახალ პროგრამას, რომელიც იანვრისთვის ამოქმედდება. ასევე, პრემიერის ცნობითვე, მოქალაქეების გადასამზადებლად, პროგრამის ფარგლებში ჩაერთვებიან პროფესიული სასწავლებლები.