logo
ENG



ღარიბაშვილი საქართველოში მყოფ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა

28 აპრ 202112:39
3 წუთის საკითხავი
 
2021/04/28/lmjovx40w04h4ox.jpeg

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი საქართველოში ოფიციალური ვიზიტით მყოფ ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრ გაბრიელიუს ლანდსბერგისს შეხვდა.

მთავრობის ადმინისტრაციის ცნობით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებსა და ლიეტუვისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს.

მათივე ინფორმაციით, ირაკლი ღარიბაშვილი გაბრიელიუს ლანდსბერგისს საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ უმძიმეს ვითარებაზე ესაუბრა და საქართველოს ტერიტორიული მთლიანობისა და ევროატლანტიკური ინტეგრაციის ურყევი მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა.

"ყურადღება გამახვილდა საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესზე და ამ გზაზე ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერაზე. მთავრობის მეთაურის თქმით, ევროკავშირში ინტეგრაცია საქართველოს ხელისუფლებისა და ქართველი ხალხის მტკიცე არჩევანია და საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობისთვის განაცხადის შეტანისთვის ემზადება. პრემიერმინისტრმა აღნიშნა, რომ მთავრობა აფასებს ლიეტუვის მტკიცე მხარდაჭერას საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაციის გზაზე", - ნათქვამია ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის სხვადასხვა სფეროში მჭიდრო თანამშრომლობას და ეკონომიკური ურთიერთობების კიდევ უფრო გაღრმავების მნიშვნელობას, განსაკუთრებით მსოფლიოში COVID-19-ით გამოწვეული კრიზისის დასაძლევად

ღარიბაშვილმა ლიეტუვას კორონავირუსთან ბრძოლის პროცესში საქართველოსთვის აღმოჩენილი ჰუმანიტარული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა და ხაზი გაუსვა მეგობარი სახელმწიფოს მხარდაჭერის გადამწყვეტ მნიშვნელობას ვაქცინებზე ხელმისაწვდომობის პროცესში, "ვინაიდან ვაქცინაციასა და სახელმწიფოების ერთობლივ ძალისხმევას პანდემიის დამარცხების კუთხით უდიდესი მნიშვნელობა ენიჭება".


close დახურვა