logo
ENG



ღარიბაშვილი სტოლტენბერგს შეხვდა

25 ოქტ 201918:46
3 წუთის საკითხავი
 
p4f2g3z7sy5dqu2.jpg

საქართველოს თავდაცვის მინისტრი იენს სტოლტენბერგს შეხვდა. ირაკლი ღარიბაშვილმა თავდაცვის მინისტრის რანგში ნატოს გენერალურ მდივანთან შეხვედრა ბრიუსელში პირველად გამართა. ღარიბაშვილმა შეხვედრაზე აღნიშნა, რომ ჩრდილოატლანტიკური საბჭოს მეხუთე ვიზიტი საქართველოში შედეგზე ორიენტირებული თანამშრომლობისა და საქართველოს ევროატლანტიკური ინტეგრაციის პროცესში ალიანსის მხრიდან მტკიცე მხარდაჭერის მკაფიო დემონსტრირებაა. ირაკლი ღარიბაშვილმა ორმხრივ შეხვედრაზე კიდევ ერთხელ გააჟღერა საქართველოს მთავრობის მიდგომა ნატოსთან ყველა არსებული მექანიზმის წარმატებულ იმპლემენტაციასთან დაკავშირებით და აღნიშნა, რომ ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტი (SNGP), როგორც თანამშრომლობის მთავარი ინსტრუმენტი, საქართველოს ალიანსის წევრობისთვის ამზადებს.

ალიანსის გენერალურ მდივანთან შეხვედრის შემდეგ ირაკლი ღარიბაშვილმა მონაწილეობა მიიღო „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიის ფორმატში ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრების შეხვედრაში, სადაც ავღანეთთან მიმართებაში არსებულ გამოწვევებზე, სამომავლო გეგმებსა და საკითხის მოგვარების გზებზე იმსჯელეს. ამავე შეხვედრაზე RSM-ში მონაწილე ნატოს წევრი და პარტნიორი ქვეყნების თავდაცვის მინისტრებს სიტყვით საქართველოს თავდაცვის მინისტრმა მიმართა. როგორც ირაკლი ღარიბაშვილმა განაცხადა, საქართველო, რომელიც ნატოს სანდო პარტნიორი და ალიანსის მომავალი წევრი, საერთო უსაფრთხოების უზრუნველყოფის საქმეში აღებული ვალდებულებების ერთგული რჩება და „მტკიცე მხარდაჭერის“ მისიაში კონტრიბუციას იმავე რაოდენობით გააგრძელებს.

 


close დახურვა