logo
ENG



ღარიბაშვილი ფორმულას ჟურნალისტს: თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები, აი, თქვენ

23 ივლ 202111:41
3 წუთის საკითხავი
 
საქართველოს მთავრობა

პრემიერმა ირაკლი ღარიბაშვილმა ფორმულას ჟურნალისტს, გიორგი კიკაბიძეს კითხვებზე არ უპასუხა და "მოძალადე" უწოდა. ჟურნალისტმა მას ჰკითხა, თუ როდის გადადგებოდა თანამდებობიდან და რომ მის მიმართ სხვა კითხვა არ არსებობდა, რაზეც ღარიბაშვილმა უპასუხა:

"თქვენ თუ არ შეწყვეტთ ამ დესტრუქციას, თქვენთან ზოგადად, ჩვენი სამთავრობო გუნდი დაასრულებს ურთიერთობას. თქვენ ხართ ჩვეულებრივი მოძალადეები. აი, თქვენ".

ჟურნალისტმა ღარიბაშვილს მიმართა, რომ ის ახალისებს ძალადობას, რაზეც პრემიერმა  მას უთხრა, რომ ის "პარტიული აქტივისტი" და "ნაცმოძრაობის წევრია". 

5-6 ივლისს აქციებზე ძალადობრივი ჯგუფების თავდასხმის გამო დაშავდა მედიის 53 წარმომადგენელი. 

ტვ პირველის ოპერატორს ლექსო ლაშქარავასა და ჟურნალისტ მირანდა ბაღათურიას 5 ივლისს ღირსების მარშის ძალადობრივი კონტრაქციის მონაწილეები დაესხნენ თავს. ლაშქარავას სასტიკად სცემეს და სახის ძვლები ჩაუმტვრიეს, რის გამოც სასწრაფო ოპერაცია დასჭირდა. თავდასხმიდან რამდენიმე დღეში, 11 ივლისს ლაშქარავა საკუთარ სახლში დედამ გარდაცვლილი იპოვა. ის 13 ივლისს დაკრძალეს.

მედიასაშუალებები ლექსო ლაშქარავას გარდაცვალებაზე პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, რადგან კონტრაქციაზე არ იქნა უზრუნველყოფილი მათი უსაფრთხოება. შინაგან საქმეთა სამინისტრო კი ცდილობს განავითაროს ვერსია, რომ ლაშქარავა ზედოზირებით გარდაიცვალა, რასაც ოჯახის წევრები და კოლეგები არ იზიარებენ. 

მედიის წარმომადგენლები ამბობენ, რომ 5-6 ივლისს მათზე ძალადობის ერთერთი წამხალისებელი ირაკლი ღარიბაშვილი იყო, სწორედ ამიტომ არის მოთხოვნებს შორის მისი გადადგომა დაკავებული თანამდებობიდან.

პროტესტის ნიშნად ოთხმა ტელევიზიამ - ფორმულა, მთავარი არხი, ტვ პირველი და ტვ კავკასია - 14 ივლისს 08:00 საათიდან 15 ივლისს 08:00 საათამდე მაუწყებლობა შეწყვიტა.


close დახურვა