logo
ENG



ღარიბაშვილი ჩანაწერებზე: არ გავაკეთებ კომენტარს, არ მაინტერესებს საერთოდ

27 აპრ 202215:30
3 წუთის საკითხავი
 

პრემიერმინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი ბიძინა ივანიშვილისა და რუსი სანქცირებული ოლიგარქის, ვლადიმერ ევტუშენკოვის საუბრის ჩანაწერზე პირველი კომენტარი გააკეთა.

ღარიბაშვილის თქმით, წარმოუდგენელია ამ ჩანაწერებით სპეკულირება და მათზე სერიოზული კომენტარის გაკეთება. 

"საერთოდ, მე არ ვთვლი, რომ პრემიერ-მინისტრმა უნდა გააკეთოს კომენტარი რაღაც გაუგებარ ჩანაწერებზე. რა თქმა უნდა, გაუგებარია აბსოლუტურად, არის ავთენტური თუ არ არის ავთენტური საუბარი, ჩემთვის წარმოუდგენელია ასეთ საუბრებზე და ჩანაწერებზე სპეკულირება და მითუმეტეს, სერიოზული კომენტარის გაკეთება.

ჩვენ კარგად გვესმის, რომ ამ ფარული საუბრების გამავრცელებლების მთავარი მიზანი და იდეა მდგომარეობს იმაში, რომ მათი ამოცანა იყო და არის ჯერ კიდევ საქართველოში ომის დაწყება და არიან რა, ისინი გამწარებულები, სასოწარკვეთილები და ამ მსგავსი სიყალბით ცდილობენ საზოგადოების, ჩვენი საერთაშორისო პარტნიორების შეცდომაში შეყვანას.

კიდევ ვიმეორებ, რომ მსგავსი შინაარსის ჩანაწერებზე მე არ გავაკეთებ კომენტარს, არ მაინტერესებს საერთოდ", - განაცხადა ღარიბაშვილმა. 

25 აპრილს გავრცელდა აუდიოჩანაწერები, სადაც, სავარაუდოდ, ბიძინა ივანიშვილსა და ​სანქცირებულ რუს ოლიგარქს, ვლადიმერ ევტუშენკოვს შორის საუბარი ისმის.

ჩანაწერში, სავარაუდოდ, ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს სანქციების გვერდის ავლით მოქმედებას, თუ მასაც აქვს ამის სურვილი. ისმის სახელები და გვარები - მათ შორის ახსენებენ სანქცირებული რუსი ოლიგარქის კომპანია "სისტემაში" ვიცე-პრეზიდენტის ალი უზდენოვის ვიზიტს საქართველოში. 

ჩანაწერში, სავარაუდოდ ივანიშვილი ევტუშენკოვს ეუბნება, რომ სიტუაცია არცისე სასიხარულოა, "მაგრამ უნდა გავმაგრდეთ". ამაზე პასუხად, სავარაუდოდ ევტუშენკოვი ამბობს, რომ აქვს იდეა და "დავითი ჩამოიტანს".

ჩანაწერში ევტუშენკოვი ივანიშვილს სთხოვს, ალი უზდენოვს შეხვდეს, პასუხად ივანიშვილი ამბობს, რომ ის მას "პრემიერთან გაუშვებს". 

26 აპრილს ფორმულასთან ექსკლუზიურ ინტერვიუში ევტუშენკოვმა დაადასტურა ალი უზდენოვის ღარიბაშვილთან შეხვედრა, თუმცა, თქვა, რომ მათ "დასვენებაზე ისაუბრეს"

ჩანაწერის გავრცელების შემდეგ უკრაინის უმაღლესი რადას ფრაქცია ხალხის მსახურის თავმჯდომარე დავით არახამიამ ევროკავშირსა და აშშ-ს მოუწოდა, ბიძინა ივანიშვილსა და მისი ბიზნესაქტივებისთვის სანქციების დაწესება განიხილონ.


close დახურვა