logo
ENG



ღარიბაშვილის თქმით, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, გირჩის მეშვეობით ჯარს თავს ვერ აარიდებენ

12 დეკ 202214:54
3 წუთის საკითხავი
 
ღარიბაშვილის თქმით, საპატრიარქოსთან შეთანხმებით, გირჩის მეშვეობით ჯარს თავს ვერ აარიდებენ

საქართველოს პრემიერმინისტრის, ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, აღმოიფხვრება ის "საკანონმდებლო ხარვეზი" და "გამოირიცხება არაკეთილსინდისიერი, ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა", რომლის მეშვეობითაც, პრემიერის თქმით, "გირჩი" ახალგაზრდებს ჯარიდან თავის არიდების საშუალებას აძლევდა.

"მე ვფიქრობ, რომ ალბათ ქვეყანაში არ მოიძებნება პატრიოტი, რომელიც ამ საკითხზე არ წუხს. ეს იყო ე.წ. მავნებლური, გირჩის მოგონილი უმსგავსო, ანტიეროვნული, ანტისახელმწიფოებრივი, რაღაც პროგრამა, რომლებიც რეალურად ახალგაზრდებს აბნევდნენ და სთავაზობდნენ ალტერნატიულ სამსახურს. ჩვენ კარგად ვიცით, რომ ეს იყო ფიქტიური, რაღაც რელიგიური სამსახური, ეს იყო ყველაზე დიდი მკრეხელობა და სისაძაგლე, პირდაპირ დავარქმევ ამ სახელს. არ შეიძლება თვალი დავხუჭოთ, ეს ჩვენი ვალია, რომ ეს საკითხი მოვაგვაროთ და მოვაგვარებთ კიდეც. აღმოიფხვრება ეს საკანონმდებლო ხარვეზი, რომელიც მანამდე ბატონმა ზურაბ ჯაფარიძემ, დიდი პატივია მისი გვარის ხსენება ამ მთავრობის სხდომიდან,  ჩაიდინა ქვეყნის ახალგაზრდობის წინააღმდეგ, ამიტომ აღმოიფხვრება ეს ხარვეზი და გამოირიცხება მათი არაკეთილსინდისიერი, ფიქტიური რელიგიური ორგანიზაციების შესაძლებლობა."- განაცხადა პრემიერმინისტრმა. 

ღარიბაშვილის თქმით, ეს საკითხი საპატრიარქოსთან განიხილეს. 

"ეს საკითხი გავიარეთ ჩვენ საპატრიარქოსთანაც და შესაბამისი ჩანაწერის მიხედვით აღნიშნული საკითხი მოგვარდება ერთხელ და სამუდამოდ. ჩვენ აღარ მივცემთ ამ მავნებლებს ჩვენი ახალგაზრდა, ჯანსაღი თაობის არასწორ გზაზე დაყენების საშუალებას. ადამიანს ეუბნებოდნენ პირდაპირ, რომ თავი აარიდე შენს მთავარ კონსტიტუციურ მოვალეობას, ამაზე დიდი მავნებლობა და მტრობა შენი ქვეყნის რა შეიძლება იყოს. ასე, რომ ეს საკითხი მოგვარებულია."- ამბობს ირაკლი ღარიბაშვილი. 


close დახურვა