logo
ENG



ღარიბაშვილმა ბათუმში ხელოვნური კუნძულის პროექტი წარადგინა

03 სექ 202217:49
3 წუთის საკითხავი
 
2022/09/03/uzeut5youejizx0.jpg

პრემიერ მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ბათუმში ხელოვნური კუნძულის მშენებლობის პროექტი წარადგინა.

პრემიერის თქმით, პროექტი მოიცავს 2 ხელოვნურ ნახევარკუნძულს. მისი თქმით ასევე აშენდება 1 კუნძული, რომელიც "გასართობ, გამაჯანსაღებელ, საგანმანათლებლო, ტურისტულ, საცხოვრებელ მიმართულებებს გააერთიანებს".

ღარიბაშვილის თქმით, საქართველომ "მსოფლიოში უდიდესი გამოწვევების ფონზე მშვიდობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება შეინარჩუნა". მისი თქმით, დღეს ქვეყანას ამგვარი პროექტები სჭირდება, რაც მოსახლეობას მეტ შემოსავალსა და კეთილდღეობას მოუტანს. 

„მოგეხსენებათ, რომ ჩვენ გვაქვს ორნიშნა ეკონომიკური ზრდა, მაშინ, როცა, კარგად მოგეხსენებათ, რომ დღეს მთელი მსოფლიო უდიდესი გამოწვევების წინაშე დგას, რეცესია არის ყველგან თითქმის და ჩვენ შევინარჩუნეთ პირველ რიგში მშვიდობა, სტაბილურობა და ძლიერი ეკონომიკური განვითარება. დღეს ჩვენს ქვეყანას სწორედ ასეთი პროექტების განხორციელება სჭირდება, ძლიერი ეკონომიკური წინსვლა და პროგრესი, რაც რა თქმა უნდა, შექმნის უფრო მეტ სამუშაო ადგილებს, მოუტანს მეტ შემოსავალს, მეტ დოვლათს და მეტ კეთილდღეობას ჩვენს მოქალაქეებს, ეს არის ჩვენი საერთო სურვილი, ამოცანა და ჩვენი საერთო ოცნება.” - განაცხადა ღარიბაშვილმა.

პრემიერმა საქართველოს მთავრობის სახელით მადლობა გადაუხადა პროექტის ინვესტორ ამბასადორ ჯგუფს.

მისი თქმით, პროექტზე საწყის ეტაპზე 100 მილიონი დოლარი დაიხარჯება და დასაქმდება 2 000 ადგილობრივი.

ღარიბაშვილი აცხადებს, რომ მშენებლობის ნებართვის გაცემამდე კომპანიამ ყველა საჭირო პროცედურა გაიარა და ადგილზე ყველა საჭირო ექსპერტიზაც ჩატარდა. პრემიერი აცხადებს, რომ პროექტი სრულად შეესაბამება ეკოლოგიურ და უსაფრთხოების სტანდარტებს. 

კუნძულის მშენებლობის პროექტს კომპანია ამბასადორი ჯგუფი აფინანსებს, რომელიც საქართველოს ტერიტორიაზე, მათ შორის თბილისსა და კაჭრეთში არაერთ სასტუმროს ფლობს.

კომპანიასთან თანამშრომლობის მემორანდუმი 2021 წლის 28 სექტემბერს  ბათუმში გაფორმდა და მას ხელი მაშინდელმა ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ, აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ თორნიკე რიჟვაძემ და კომპანია ამბასადორ ჯგუფის თანადამფუძნებელმა თორნიკე ქებურიამ მოაწერეს.

ნათია თურნავამ განაცხადა, რომ ინვესტიციის საერთო მოცულობა 100 მილიონი აშშ დოლარი იქნება და ინვესტორი თავის თავზე აიღებს ყველა რისკს და ხარჯს.

ბათუმში დაგეგმილი ხელოვნური კუნძულის პროექტი

ფოტო: თორნიკე რიჟვაძე


close დახურვა