პრემიერმინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა შინდისის გმირების მემორიალთან კვლავ მიხეილ სააკაშვილსა და ნაციონალურ მოძრაობაზე ისაუბრა. მან კვლავ გაიმეორა ოცნების ნარატივი, რომ წინა ხელისუფლებამ და ყოფილმა პრეზიდენტმა იმ პერიოდში "სიმხდალე აჩვენა".
ღარიბაშვილმა ოკუპაციაზე საუბრისას კვლავ არ ახსენა რუსეთი და აღნიშნა, რომ მათი მიზანია "თავისი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით აღადგინონ ტერიტორიული მთლიანობა".
"იცით, რომ ვრცელდებოდა ინფორმაციები, რომ მოწინააღმდეგე მხარეს ჰქონდა იმის განცდა, რომ აქედან მთელი დივიზიონი ებრძოდა, ამ დროს სულ 17 კაცი იბრძოდა თავგანწირვით - აი ეს არის ქართველობის, გაუტეხელი სულის, სიმამაცისა და ვაჟკაცობის, ჩვენი ქვეყნის სიყვარულის მაგალითი. სამწუხაროდ, საუბედუროდ ამავე დღეს, ეს ჩვენი სირცხვილია, ამ გმირობის დღეს ასევე არნახული სიმხდალე აჩვენა ყოფილმა ე.წ. მთავარსარდალმა. ამავე დღეს, 2008 წლის 11 აგვისტოს გახსოვთ გაქცეული სააკაშვილი თვითმფრინავის ხმის გამო, მას ჰყავდა აქ ჩამოყვანილი სტუმარი და მაშინ, როდესაც ჩვენი გმირები აქ თავს სწირავდნენ, ყოფილი პრეზიდენტი გარბოდა და მიწაზე გართხმული მისი შეშინებული სახე ნახა მთელმა მსოფლიომ. ეს მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ლომი ბიჭები, ლომების არმია იბრძოდა თავდადებით, თავგანწირვით და ამ დროს, სათავეში იდგა გამყიდველი, მოღალატე, შემარცხვენელი და მხდალი კაცი. საბედნიეროდ, ქართველმა ხალხმა შესაბამისი დასკვნები გამოიტანა. რა თქმა უნდა, ეს ოკუპაცია მძიმე მემკვიდრეობაა, ჩვენი ძირძველი ტერიტორიების ძირითადი ნაწილი, ორივე რეგიონი დღეს ოკუპირებულია დროებით, მაგრამ ჩვენ ჩვენი ჭკუით, გონიერებით, თანმიმდევრული ნაბიჯებით უნდა მოვახერხოთ, უნდა აღვადგინოთ ჩვენი ქვეყნის ტერიტორიული მთლიანობა - ეს არის ჩვენი მთავარი მიზანი", - განაცხადა ღარიბაშვილმა.