შემზარავი მკვლელობა მონასტერში. მარტყოფში, ღვთაების მონასტერში მოკლული მამაკაცი იპოვეს, მას ჭრილობა ყელის არეში აღენიშნება. გარდაცვლილი კელიაში ნახეს. გავრცელებული ინფორმაციით, მკვლელობას წინ ორ სამოქალაქო პირს შორის მომხდარი დაპირისპირება უძღოდა.
საპატრიარქოს პრესსამსახურის უფროსი წერს, რომ არც მოკლული მამაკაცი და არც დაპირისპირებაში მონაწილე მეორე ადამიანი სასულიერო პირი არ არის და ისინი მონასტერში დროებით იმყოფებოდნენ.
მომხდარ მკვლელობასთან დაკავშირებით განცხადება მონასტრის წინამძღვარმა გააკეთა. მისი თქმით ღამის 4 საათზე, როდესაც წირვა-ლოცვა უნდა ჩატარებულიყო ერთ-ერთი კელიიდან სადაც სამი ადამიანი ცხოვრობდა, არ გამოცხადდა ერთ-ერთი პირი წირვაზე, რის შემდეგაც მასთან ერთად მცხოვრებმა პირმა მოინახულა. როდესაც ის კელიაში შევიდა და ზეწარი გადახადა, დაინახა რომ გარდაცვლილს ყელის არეში ჭრილობები ჰქონდა მიყენებული. გარდაცვლილი ადამიანი სავარაუდოდ რუსეთის მოქალაქეა, რომელიც ხშირად ჩამოდიოდა ღვთაების მონასტერში. მესამე პირი, რომელიც მათთან ერთად ცხოვრობდა გაქცეულია, სავარაუდოდ მომხდარ მკვლელობაში სწორედ ის არის დამნაშავე.
მონასტერში საგამოძიებო მოქმედებები უკვე დასრულებულია. დაიკითხნენ ეკლესიაში მყოფი სხვა პირებიც.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება 108-ე მუხლით დაიწყო, რაც განზრახ მკვლელობას გულისხმობს.