logo
ENG



ღვიძლის გადანერგვის შემდგომ მისაღები პრეპარატი პაციენტებს აღარ მიეწოდება

11 იან 202014:15
3 წუთის საკითხავი
 

პაციენტები, რომლებსაც ღვიძლის გადანერგვის ოპერაცია აქვთ გაკეთებული, პრეპარატს ვერ იღებენ. როგორც ისინი აცხადებენ, მედიკამენტ MMF-ს სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში უფასოდ იღებდნენ, თუმცა ეს პრეპარატი ორ თვეზე მეტია, ქვეყანაში აღარ შემოდის.

შექმნილი დეფიციტის გამო კი, პაციენტებსა და მათი ოჯახის წევრებს, წამლის ყიდვა მეზობელ თურქეთის რესპუბლიკაში უხდებათ, თუმცა სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, ისინი პრეპარატს უფასოდ უნდა იღებდნენ. 

„სამწუხაროდ, ორ თვეზე მეტია რაც ეს პრობლემა შეიქმნა, საქმე ეხება მედიკამენტს „ემემეფს“, რომელიც შემოჰქონდა სამინისტროს, მაგრამ შეწყვიტა. გვიწევს ერთმანეთთან დაკავშირება და თურქეთიდან შემოგვაქვს ინდივიდუალურად.  თითო მიღება ჯდება ოთხ ლარამდე. სამწუხაროა, რომ სამინისტროს აღარ დარჩა ბიუჯეტური სახსრები არარაციონალური ხარჯვის შედეგად და სამწუხაროა ისიც, რომ სახელმწიფო, ფაქტობრივად, სიკვდილისთვის წირავს ამ პაციენტებს“, - ამბობენ პაციენტების ოჯახის წევრები.

დაავადებათა კონტროლის ეროვნულ ცენტრში აცხადებენ, რომ მათ კონკრეტული ინფორმაცია არ აქვთ. ცენტრის ხელმძღვანელის თქმით, მას ეჭვი ეპარება ასეთ საჭირო მედიკამენტზე შექმნილიყო დეფიციტი.

„ვერ გეტყვით, ეს უნდა დაზუსტდეს სოციალურ სააგენტოსთან. მე როგორც ვიცი, ღვიძლ- და თირკმელგადანერგილი პაციენტები იღებენ გარკვეულ მედიკამენტებს მთელი ცხოვრების მანძილზე და არა მგონია, მისი დეფიციტი შექმნილიყო“, - ამბობს ამირან გამყრელიძე.


close დახურვა