NDI-ს კვლევებიბს შეფასებისას ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ ქვეყანას ღირსეული პრემიერი ჰყავს. მისივე თქმით, საზოგადოების განწყობა არჩევნებზე გამოჩნდა.
"დღეს ქვეყანას ჰყავს პრემიერი, ბატონი ღარიბაშვილის სახით, რომელიც არის პატრიოტი, ვაჟკაცი, საქმეზე უაღრესად ორიენტირებული და რაც ყველაზე მთავარია, ქვეყნის ინტერესების დამცველი ნამდვილად ღირსეული პრემიერი. [...] ამიტომ ის კვლევები, რომელზეც ჩვენ ვსაუბრობთ ერთია, მეორეა, ქვეყნის საზოგადოების და ამომრჩევლის განწყობა, რაც კარგად დავინახეთ და გამოჩნდა, სხვათა შორის, არც თუ ისე დიდი ხნის წინანდელ არჩევნებზე", - განაცხადა ღუდუშაურმა.
NDI-ს კვლევის თანახმად, მოსახლეობის უმრავლესობა კვლავ პოლიტიკურად გადაუწყვეტელია. კითხვაზე რომელი პარტია დგას მათ შეხედულებებთან ახლოს 58% აღნიშნავს, რომ არც ერთი პარტია, არ იცის ან უარი თქვა პასუხზე. 24% მათთან ახლოს მდგომ პარტიად ქართულ ოცნებას ასახელებს, 9% - ნაციონალურ მოძრაობას, 8% - სხვა.
კველვაში, ამასთან, ვკითხულობთ, რომ საქართველოში მოსახლეობის უმეტესობა მთავრობის საქმიანობით უკმაყოფილოა. პრემიერმინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის საქმიანობას ცუდად აფასებს გამოკითხულთა 35%.
მოსახლეობის უმრავლესობა ფიქრობს, რომ მმართველი პარტია ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე არ მოქმედებს. გარდა ამისა, უმრავლესობას მიაჩნია, რომ არც არჩეული ოპოზიციური პარტიები მოქმედებენ ხალხის ინტერესებიდან გამომდინარე.
