ქართული ოცნების დეპუტატი ალუდა ღუდუშაური ამტკიცებს, რომ ბიძინა ივანიშვილი "პოლიტიკიდან გაწეულია", თუმცა "კვლავ რჩება ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად".
ღუდუშაური ივანიშვილის მიერ დღეს გავრცელებულ განცხადებას გამოეხმაურა, სადაც ივანიშვილი ამბობს, რომ უკრაინაში ომის დაწყების შემდეგ, აშშ-ის ელჩს შეხვდა. ოცნების დეპუტატმა მოუწოდა დეგნანს, "იმისათვის, რომ ინტერესები არ დაზიანდეს, დააფიქსიროს მკაფიო პოზიცია".
"ბატონი ივანიშვილი არის ამ ქვეყნის გულშემატკივარი, არის პოლიტიკიდან გაწეული, ცხადია, თუმცა, რა თქმა უნდა, კვლავაც რჩება ამ ქვეყნის ერთ-ერთ მთავარ მხარდამჭერად, იმისთვის, რომ ეს ურთიერთობები და ინტერესები არ დაზიანდეს, ამიტომ მიმაჩნია სწორად, რომ ელჩმა გააკეთოს ამ ყველაფერზე ამომწურავი პასუხი და მკაფიო პოზიცია დააფიქსიროს. სრულიად ნათელია და ხელის გულზე დევს ის, რომ ძალიან ბევრს და როგორც ჩანს, მძლავრ ძალებს სურთ ჩვენი ქვეყნის საომარ მოქმედებებში ჩართვა", - ამბობს ღუდუშაური.
ქართული ოცნების ყოფილმა თავმჯდომარემ ბიძინა ივანიშვილმა დღეს, 27 ივლისს წერილი გამოაქვეყნა, სადაც ამტკიცებს, რომ ომის დაწყების შემდეგ აშშ-ის ელჩ კელი დეგნანს შეხვდა.
გარდა ამისა, წერილში ივანიშვილი პოლიტიკურ ვითარებაზე საუბრობს და აღნიშნავს, რომ "უდიდესი სირთულეების მიუხედავად, მმართველმა გუნდმა სწორად იმუშავა, სწორი და პრინციპული პოზიცია დაიკავა და მთავარი სირთულე, ომის საფრთხის პირველი ეტაპი უკვე გადალახა".