logo
ENG



ღუდუშაური პრეზიდენტის ევროპაში ვიზიტზე: შევისწავლით, რეაგირება იქნება

14 მარ 202214:35
3 წუთის საკითხავი
 

ქართული ოცნების დეპუტატი, ალუდა ღუდუშაური ამბობს, რომ თუკი პრეზიდენტი ევროპაში მთავრობის თანხმობის გარეშე წავიდა, ამაზე "რეაგირება იქნება". ამის შესახებ ღუდუშაურმა ფორმულასთან ინტერვიუში ისაუბრა. 

"თუ ეს მართალია, რა თქმა უნდა, ამას სჭირდება შესწავლა, ჩვენ ამას ნამდვილად შევისწავლით. თუ ასეა, გამოდის, რომ პრეზიდენტმა დაარღვია კონსტიტუცია. იმ შემთხვევაში, როცა ნებისმიერი პირის ქმედებაში არის წინააღმდეგობა საქართველოს მთავარ კანონთან, რომელსაც კონსტიტუცია ჰქვია, ვინც არ უნდა იყოს, პრეზიდენტი, დეპუტატი, თუ ნებისმიერი, ბუნებრივია, ამ შემთხვევაში ვერავინ ვერასოდეს დადგება კანონზე მაღლა. რეაგირება იქნება შესაბამისი. ეს არაა მუქარა, ესაა კონსტიტუციის და კანონმდებლობის დაცვა", - თქვა ღუდუშაურმა. 

მანამდე, ქართული ოცნების თავმჯდომარე, ირაკლი კობახიძე ამბობს, რომ თუ სალომე ზურაბიშვილმა სიმართლე თქვა ევროპაში მთავრობის თანხმობის გარეშე ვიზიტთან დაკავშირებით, ე.ი მან კონსტიტუცია დაარღვია და "ამაში გაერკვევიან". 

"ეს თუ მართალია, რაც თქვა პრეზიდენტმა, გამოდის, რომ კონსტიტუცია დაურღვევია, ამაში გავერკვევით". - თქვა კობახიძემ. 

საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა პარლამენტში მოხსენებით გამოსვლის დროს თქვა, რომ 26 თებერვალს წერილობითი უარი მიიღო პარიზში, ბერლინში, ბრიუსელსა და ვარშავაში სამუშაო ვიზიტებზე. 

ზურაბიშვილის თქმით, იძულებული გახდა, პირადი კონტაქტები გამოეყენებინა. 

 

 

close დახურვა