ქართული ოცნების წევრმა მიხეილ ყაველაშვილმა ბრიფინგზე განაცხადა, რომ პარლამენტი ახალგაზრდების დასაქმებასთან დაკავშირებით თემატურ მოკვლევას ჩაატარებს. ყაველაშვილის თქმით, ნებისმიერი ხელისუფლებისთვის, რომელიც ქვეყნის მომავალზე ზრუნავს, ახალგაზრდების რეალიზება, პროფესიული განვითარება და დასაქმება ერთერთი პრიორიტეტია.
ყაველაშვილი ამბობს, რომ კორონავირუსის პანდემიამ მნიშვნელოვნად შეაფერხა, ახალგაზრდული დასაქმების პოპულარული სექტორი – ტურიზმის და მომსახურების სფერო ყველაზე მეტად დაზარალდა.
ყაველაშვილის თქმით, ახალგაზრდებში არსებული უმუშევრობის დონეს რამდენიმე ძირითადი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის: შრომის ბაზარზე მოთხოვნილ და მიწოდებულ პროფესიულ უნარებს შორის არსებული შეუსაბამობა, არაფორმალური განათლების სუსტი პრაქტიკა, განათლების სისტემისა და შრომის ბაზრის მოთხოვნების შეუსაბამობა.
"ამ ყველაფრის გათვალისწინებით, ჩვენი ინიციატივით, ჩატარდება თემატური მოკვლევა და მოხდება: შრომის ბაზრის საინფორმაციო სისტემის, მოთხოვნადი უნარების/პროფესიების შესახებ ახალგაზრდებისთვის ინფორმაციის მიწოდების მექანიზმის ნაკლოვანებების შეფასება და გაუმჯობესებისთვის ღონისძიებების განსაზღვრა; ახალგაზრდების დასაქმების და კარიერული განვითარების პროცესში არსებული არაფორმალური და ფორმალური განათლების სისტემის შეფასება, გამოწვევებისა და შესაძლებლობების იდენტიფიცირება", - აღნიშნა ყაველაშვილმა.
მისი თქმით, მოხდება ახალგაზრდების დასაქმების პროცესში კერძო დასაქმების სერვისების შეფასება და გამოწვევების იდენტიფიცირება, ხოლო აღნიშნულის საფუძველზე, ახალგაზრდების დასაქმების ხელშეწყობისთვის, შემუშავდება და საპარლამენტო ზედამხედველობის ფარგლებში, განხორციელდება სახელმწიფო უწყებებისა და სამინისტროების მიერ ამ რეკომენდაციების შესრულების მონიტორინგი.
ყაველაშვილის თქმით, ამ ყველაფრის საფუძველზე მოხდება ახალგაზრდებში უმუშევრობის შემცირება და მათი შესაბამის სფეროებში დასაქმება.
"რეალიზებული და დასაქმებული ახალგაზრდები, ნიშნავს ჩვენი ქვეყნის უკეთეს მომავალს და ჩვენ ამისთვის ძალისხმევას არ დავიშურებთ", – განაცხადა ყაველაშვილმა.