ყარაბაღზე ალექსანდრ ლუკაშენკოს განცხადების გამო მინსკში სომხეთის ელჩი კონსულტაციებისთვის გაიწვიეს. ინფორმაციას სომხეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.
მანამდე პრემიერმინისტრმა ნიკოლ ფაშინიანმა განაცხადა, რომ არასდროს გაემგზავრება ბელარუსში, სანამ მისი ხელმძღვანელი ალექსანდრ ლუკაშენკოა. ამის მიზეზად კი ფაშინიანმა დაასახელა ლუკაშენკოს განცხადება ომზე, რომლის შედეგადაც აზერბაიჯანმა მთიან ყარაბაღზე კონტროლი დაამყარა. მაისის ბოლოს ბაქოში ვიზიტის დროს ლუკაშენკომ აზერბაიჯანის ომს ყარაბაღში "განმათავისუფლებელი" უწოდა.
ფაშინიანის თქმით, სწორედ ლუკაშენკოს პოზიციამ ომთან დაკავშირებით ODKB-დან სომხეთის სავარაუდო გამოსვლაზე იქონია გავლენა. თებერვალში ერევანმა ფაქტობრივად გაყინა თავისი წევრობა ODKB-ში, ხოლო მაისიდან ორგანიზაციის დაფინანსებაზე უარი თქვა.
სომხეთის პრემიერმინისტრმა განაცხადა, რომ ODKB-ში მონაწილეობასთან დაკავშირებით ქვეყანა შეიცვლის პოზიციას, თუ ბელარუსი ორგანიზაციას დატოვებს ან ლუკაშენკო სომეხ ხალხს ბოდიშს მოუხდის.
"ODKB-ს ქვეყნის ერთ-ერთი ხელმძღვანელი აცხადებს, რომ მონაწილეობდა ომის მომზადებაში, ახალისებდა, სჯეროდა და სურდა აზერბაიჯანის გამარჯვების. და ამის შემდეგ მე წავალ ბელარუსის ლიდერთან ერთად ODKB-ს ფორმატში რამის განსახილველად?" - თქვა ფაშინიანმა პარლამენტის სხდომაზე.
სომხეთის პრემიერმინისტრს არაერთხელ გაუკრიტიკებია კოლექტიური უსაფრთხოების ხელშეკრულების ორგანიზაცია (ODKB) ყარაბაღის ომთან დაკავშირებით პოზიციის გამო. მისი აზრით, ორგანიზაციას არანაირი რეაგირება არ ჰქონია საბრძოლო მოქმედებებთან დაკავშირებით და ის თავის ვალდებულებებს ერევნის წინაშე არ ასრულებს.