ე.წ. კანონიერი ქურდის, ლავასოღლის თურქეთიდან საქართველოში ექსტრადიციის მოთხოვნით, ბათუმის იუსტიციის სახლთან უკვე რამდენიმე დღეა საპროტესტო აქცია იმართება. აქციის ოთხმა მონაწილემ, პროტესტის ნიშნად პირიც ამოიკერა. აქციის მონაწილეების თქმით, იმ შემთხვევაში, თუ მათი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ისინი წავლენ სარფის საბაჟო გამშვები პუნქტისკენ და გზას გადაკეტავენ.
„ვიცი ექსტრადირების პროცედურას თავისი დრო აქვს, მომზადება სჭირდება, მაგრამ არც იმდენი რაც დააყოვნეს. უკვე ორი წელი გავიდა. ამიტომ, უმოკლეს ვადაში დაიწყოს ეს პროცედურა, თუ არა და ყველანაირ ზომას მივმართავთ, უკიდურესი, ყველანაირი რადიკალური ზომა იქნება გამოყენებული იმისთვის, რომ შედეგს მივაღწიო. აქედან არ წავალ. არც მე და არც სხვები მიდიან. მშრალ შიმშილობაზე გადადიან ჩემი ოჯახის წევრები“, - განაცხადა მინდია გორაძის დამ, ირინა გორაძემ.
ადვოკატის, ალექსანდრე კობაიძის თქმით, მიუხედავად პროტესტის უკიდურესი ფორმებისა, იუსტიციის სამინისტროში მათთან გასაუბრებაზე უარს ამბობენ.
„ჩვენ ვაპირებთ, უფრო მწვავე კრიტიკულ ზომას მივმართოთ გამოხატვის, როგორიც არის სასაზღვრო ტერიტორიაზე აქციის გამართვა, ვგულისხმობ სარფის ტერიტორიას. თუ იმდენი ადამიანი მოვა, რომ გზა გადაიკეტოს, გზაც გადაიკეტება. სამწუხაროდ ოთხმა ადამიანმა პირი ამოიკერა და შიმშილობენ ადამიანები და კვლავ არ აქვთ სურვილი იმ კომპეტენტურ ორგანოებს და მათ წარმომადგენლებს, რომ დაგველაპარაკონ და გვითხრან, როდის მოხდება მისი ექსტრადაცია. ამიტომ ჩვენ ვაპირებთ ბოლომდე ვიბრძოლოთ, სანამ არ გავიგებთ კონკრეტულ პასუხს“, - ალექსანდრე კობაიძემ.
ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ თურქეთში "ლავასოღლის" უფლებები ირღვევა. მათი თქმით, ის თურქეთში ჩადენილი დანაშაულის გამო არ არის დაკავებული და სწორედ ამიტომ უნდა მოხდეს მისი ექსტრადირება. თურქეთში სასამართლო პროცესი ორი დღის წინ გაიმართა და მინდია გორაძეს პატიმრობა კიდევ ერთი თვით გაუხანგრძლივეს.