მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ მოშიმშილე მესამე პრეზიდენტის მდგომარეობა, შეიძლება, რამდენიმე საათში კრიტიკულზე კრიტიკული გახდეს.
ის კონსილიუმის წევრებთან შეხვედრას ითხოვს.
"ზოგიერთი მაჩვენებელი უარესდება და უარესდება ყოველ საათში. მე ვთხოვ პირველი კონსილიუმის წევრებს, შევხვდეთ სასწრაფოდ, რაც შეიძლება ჩქარა და გადავწყვიტოთ, რა ვქნათ. მისი მდგომარეობა გახდება კრიტიკულზე კრიტიკული, შეიძლება რამდენიმე საათში, დღე არ იქნება", - თქვა მან.
სააკაშვილი 38-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს. მისი მდგომარეობა დამძიმებულია.
6 ნოემბერს პენიტენციურმა სამსახურმა "მაღალი საზოგადოებრივი ინტერესის" მოტივით გაასაჯაროვა კადრები, სადაც ჩანს, რომ მიხეილ სააკაშვილი ექიმის ოთახშია და იქ მყოფი სამედიცინო პერსონალის მიერ მიწოდებულ საკვებ დანამატებს იღებს. ასევე, კადრებში ჩანს მიხეილ სააკაშვილის წონაში კლება.
კადრების გასაჯაროვებას წინ უსწრებდა სახალხო დამცველის განცხადება, რომელიც სააკაშვილის უწყვეტად შიმშილობას ადასტურებს. ომბუდსმენის ცნობით, იგი მხოლოდ სამედიცინო დანიშნულებით, მცირე ოდენობით იღებდა წვენებსა და მინერალური შემცველობის პიურეებს.
როგორც სახალხო დამცველი აღნიშნავს, ამ პროდუქტს მას სამედიცინო პერსონალი აწვდიდა, რომელთა განმარტებით, ის ვერ შეფასდება, როგორც საკვები, ხოლო მცირე დოზით, თხევადი სახით მათი მიღება განპირობებულია პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობით.
მიხეილ სააკაშვილმა 6 ნოემბერს განაცხადა, რომ იგი საკვები დანამატების მიღებაზეც უარს ამბობს.