მიხეილ სააკაშვილის პირადი ექიმი ნიკოლოზ ყიფშიძე ამბობს, რომ ციხის საავადმყოფოში MRT-ს ტომოგრაფიის აპარატი არ არის, ამიტომ მოშიმშილე პატიმარს ვერ უკეთებენ ტვინის დიაგნოსტიკას. ციხიდან გამოსვლის შემდეგ ექიმმა თქვა, რომ ნევროლოგმა დასვა "არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა" და მიხეილ სააკაშვილი გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში.
"მდგომარეობა არის მძიმე, ძალიან რთული, მაგალითად, ახლა ჩვენ აქ გვყავდა ნევროლოგი, რომელმაც დასვა ძალიან არასასიამოვნო დიაგნოზის შესაძლებლობა, რომელიც, ჩემი აზრით, იმსახურებს ძალიან დიდ ყურადღებას. მიშა სააკაშვილი გადასაყვანია მრავალპროფილურ საავადმყოფოში, სადაც არსებობს მაღალი დონის აპარატი, რომელიც გვაძლევს საშუალებას, შევისწავლოთ მისი ტვინის მდგომარეობა.
ჩვენ ველოდებოდით გასტროენტერლოგს, ჯერ არ მოსულა. ის გვჭირდებოდა, რომ გვეფიქრა, რა ხდება მის კუჭში, არის თუ არ არის სისხლდენა. მაგრამ, ამ წუთში, ყველაზე საყურადღებოა MRT-ს გაკეთება. MRT-ს აპარატი აქ არ დგას, არის სულ რამდენიმე კლინიკაში თბილისში.
ადგილობრივმა ექიმებმა შემოგვთავაზეს კომპიუტერული ტომოგრაფიის გაკეთება, რაზეც მე უარი ვუთხარი, რასაკვირელია, ავადმყოფს ველაპარაკე და ჩვენ ვფიქრობთ, რომ ეს მხოლოდ ზედმეტი დასხივებაა. სჭირდება მრავალშრიანი კომპიუტერული ტომოგრაფი, რომელიც აქ არ არსებობს, ასე რომ, ჩვენ დიაგნოსტიკას თავის ტვინის შესახებ ვერ ვაკეთებთ", - თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ.
18 ნოემბრის საღამოს ციხიდან გამოსულმა ადვოკატმა ბექა ბასილაიამ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილმა მათ თვალწინ გონება დაკარგა. მას დამატებითი ინფორმაცია არ ჰქონდა, გარდა იმისა, რომ პატიმარი ოთახიდან საკაცით გაიყვანეს.
მოგვიანებით პენიტენციურმა სამსახურმა გაავრცელა განცხადება, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა სტაბილურია.
როგორც რეანიმატოლოგმა აღნიშნა, ამ ეტაპზე მესამე პრეზიდენტი კონტაქტურია, ადგილი ჰქონდა მცირეხნიან გონების დაკარგვას.
"პაციენტი არის სტაბილურ მგომარეობაში. ჰემოდინამიკა, ოქსიგენაციის მაჩვენებლები, სუნთქვის პარამეტრები - არის ნორმის ფარგლებში. მცირე, რეანიმაციული ღონისძიებების შედეგად მისი მდგომარეობა დასტაბილურდა. პაციენტს უტარდება კიდევ კვლევები და მერე უფრო დეტალურად გეტყვით. მცირეხნიანი გონების კარგვა იყო. რეანიმაციაში წევს ახლა. კონტაქტურია. კონსულტაციისთვის ვიყავი მოსული - შემთხვევით მოვხვდი აქ. პაციენტთან მორიგეობს რეანიმაციული ბრიგადა", - განაცხადა რეანიმატოლოგმა.
ქართული ოცნების ხელისუფლების მიერ სისხლისსამართლებრივად დევნილი ექსპრეზიდენტი, მიხეილ სააკაშვილი 49-ე დღეა, პროტესტის ნიშნად შიმშილობს.