მედიკოსები ხელფასის გარეშე დარჩნენ. თბილისის ბავშვთა ინფექციური საავადმყოფოს პერსონალს იანვრის შემდეგ კუთვნილი შრომის ანაზღაურება არ მიუღია. კლინიკა სახელმწიფოს საკუთრებაშია და შესაბამისად, დაფინანსებასაც ბიუჯეტიდან იღებს.
თანამშრომლები შრომის ანაზღაურებას ითხოვენ. მათი თქმით, თანხა ისედაც მიზერულია, თუმცა ადმინისტრაცია მაინც არ უხდის ხელფასებს. მათივე განმარტებით, პანდემიის გამო მუშაობა განსაკუთრებულ პირობებში უწევთ.
"სახელმწიფომ გვითხრა, რომ უხელფასო შვებულებაში ვინც იყო, მათ გადაცემებათ 200 ლარი დახმარების სახითო. ჩვენი უფროსობა არ გადასაცემს მგონი არაფერს და ისევ ჩვენ უნდა ვიაქტიუროთ. სანიტრის 300 ლარზეა საუბარი, ექთნების კი 400 ლარი",-აცხადებს ნინო ჯახაია.
კლინიკის თანამშრომლები პასუხისმგებლობას ხელისუფლებას აკისრებენ, თუმცა მთავრობისგან შესაბამისი პასუხი ჯერ არ მიუღიათ.
"კლინიკა, რომელიც სახელმწიფო დაფინანსებაზე, ხელფასს ღებულობს მინიმუმ 3-თვიანი დაგვიანებით. ეს დაიწყო დაახლოებით 2 წლის უკან, მანამდე კი სხვა პროგრამაში ვიყავით, რომელსაც ინფექციური პროგრამა ეწოდებოდა. ახლა ჩვენ ყოველდღე ველოდებით იანვრის ხელფასს. ჩვენი ადმინისტრაცია ცდილობს, რომ ეს გამოასწოროს, მაგრამ როცა სახელმწიფო არ გირიცხავს, ჩვენც ველოდებით", - ამბობს ნონა მელქაძე.
თავად კლინიკის დირექტორის, მამუკა მაჭავარიანის თქმით, ხელფასები არსებული დადგენილებით ირიცხება და ის კანონითაა განსაზღვრული.
"მარტში მათ აიღეს ხელფასი და რაც შეეხება დაფინანსებას, ჩვეულებრივ განსაზღვრული მეთოლოგიით ხდება. ასე რომ, არაფერი აქ არ არის ისეთი. სახელმწიფო დავალიანება არ არის, უბრალოდ, იმ პერიოდულობით ხდება თანხის ჩარიცხვა, როგორც დადგენილებაშია განსაზღვრული. როგორც მარტის თვეში ჩაირიცხა დეკემბრის შერულება, ისე ჩაირიცხება", - აცხადებს მაჭავარიანი.