საქართველოს გენერალური პროკურატურის ინფორმაციით, ყოფილ პოლიციელს, გიორგი მენაბდიშვილს, რომელსაც კასპში 2 პირი მძევლად ჰყავდა აყვანილი, ფსიქიატრიული ექსპერტიზა დაენიშნა. ამის შესახებ უწყების მიერ გავრცელებულ განცხადებაშია ნათქვამი.
როგორც განცხადებაშია ნათქვამი, ექსპერტიზამ უნდა დაადგინოს, დანაშაულის ჩადენის დროს თუ როგორი იყო გიორგი მენაბდიშვილის ფსიქიკური მდგომარეობა.
"ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა ბრალდებულმა სიცოცხლის მოსპობის მუქარით, ხელისუფლების ორგანოებისგან სხვადასხვა მოთხოვნების შესრულების უზრუნველსაყოფად, მძევლად ხელში ჩაიგდო ორი პირი და უკანონოდ აღუკვეთა თავისუფლება. გიორგი მენაბდიშვილის მიმართ აღკვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხზე პროკურატურამ გორის რაიონულ სასამართლოს შუამდგომლობით უკვე მიმართა", - აღნიშნულია განცხადებაშია.
გუშინ, 17 იანვარს მენაბდიშვილმა შიმშილობა გამოაცხადა. მან ასევე უარი თქვა სახაზინო ადვოკატზე და იყენებს დუმილის უფლებას. დაკავებული შიმშილობას დღესაც აგრძელებს და უარს აცხადებს პრეპარატების მიღებაზეც.
ყოფილმა პოლიციელმა, გიორგი მენაბდიშვილმა გუშინ, 16 იანვარს კასპში, ქვის საამქროში, რომლის წილსაც თავადვე ფლობს, მძევლები აიყვანა. ის ოკუპირებული ტერიტორიების გავლით რუსეთში გადაყვანას ითხოვდა. რამდენიმესაათიანი სპეცოპერაციის შემდეგ ის სამართალდამცველებს ჩაბარდა.
ოჯახის წევრების თქმით, მას კრიმინალური სამყაროს წარმომადგენლები ემუქრებოდნენ. როგორც ისინი ამბობენ, მენაბდიშვილმა სამსახურიდან [ქვის საამქროდან, რომლის 10%-იან წილს ფლობდა], გაათავისუფლა პირი, რომელმაც საქმეში სწორედ კრიმინალები ჩართო და მუქარებიც ამის შემდეგ დაიწყო.
ოჯახის წევრების თქმით, გიორგი მენაბდიშვილმა დახმარების თხოვნით რამდენჯერმე მიმართა კასპის პოლიციას, შემდეგ კი თბილისის მთავარ სამმართველოს, თუმცა, უშედეგოდ.
შინაგან საქმეთა სამინისტროში ადასტურებენ, რომ უწყებაში გამოძიება დაწყებული იყო ყოფილი პოლიციელის მიმართ მუქარის ბრალდებით.