logo
ENG



ყოფილი მოსამართლეების სოლიდარობა კვერენჩხილაძეს, ვის საქმიდან აცილებასაც ოცნება ითხოვს

23 ივლ 202218:18
3 წუთის საკითხავი
 
2022/07/23/vp8za0ievpfyem7.jpg

საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლეს გიორგი კვერენჩხილაძეს ყოფილი მოსამართლეები სოლიდარობას უცხადებენ. კვერენჩხილაძის მხარდამჭერი განცხადება ყოფილმა მოსამართლემ, მაია კოპალეიშვილმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.

კოპალეიშვილის თქმით, დაუშვებელია, სოციალურ ქსელში გამოქვეყნებული პოსტი მოსამართლის საქმიდან აცილების საფუძველი გახდეს.

მოსამართლეები აცხადებენ, რომ ეს ფაქტი ქართული ოცნების მხრიდან მოსამართლეების დასჯისა და მათი გაჩუმების მორიგი მცდელობაა.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის - გიორგი კვერენჩხილაძის აცილების საკითხზე:

კანონპროექტის შესახებ სოციალურ ქსელში  გამოქვეყნებულ პოსტზე  მოსამართლის მხრიდან  გამოხატული   რეაქციების  შემოწმება/საჯაროდ დემონსტრირება ხელისუფლების წარმომადგენლების/პოლიტიკოსების მიერ და მათი გამოყენება მოსამართლის აცილების საფუძვლად,  ატარებს „მსუსხავ ეფექტს“  სხვა მოსამართლეებისათვის, რომლებმაც  დასჯის/აცილების/საქმის განხილვისაგან ჩამოშორების შიშით, შესაძლოა, უარი თქვან საკუთარი პოზიციის საჯაროდ გამოხატვაზე კანონპროექტებთან/კანონებთან/ნორმატიულ აქტებთან/ქმედებებთან მიმართებით, რომლებიც სასამართლო სისტემის ფუნქციონირების ან სხვა მნიშვნელოვან სამართლებრივ საკითხებს შეეხება.

ამასთან, სოციალურ ქსელში კანონპროექტზე გამოხატული რეაქცია არ არის საკმარისი საფუძველი მოსამართლის აცილებისათვის.  კანონპროექტის თაობაზე დადებულ პოსტზე გამოხატული რეაქცია (რა შინაარსიც არ უნდა ჰქონდეს მას) არ ქმნის საკმარის საფუძველს და არგუმენტს საიმისოდ, რომ ეჭვის ქვეშ დადგეს განსახილველ კონსტიტუციურ სარჩელში წამოჭრილი სადავო საკითხის გადაწყვეტისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის  მიუკერძოებლობა.  კანონის კონსტიტუციურობის შემოწმებისას საკონსტიტუციო სასამართლოს მოსამართლის მიუკერძოებლობასთან დაკავშირებით არსებობს იმის მოლოდინი, რომ ის მაღალი პროფესიონალიზმით, კეთილსინდისიერად, კონსტიტუციისადმი ერთგულებით, ყოველგვარი სუბიექტური განცდებისა თუ დამოკიდებულებებისგან  დამოუკიდებლად შეაფასებს და გადაწყვეტს კონსტიტუციურ დავას.

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ მაღალი სტანდარტი დაამკვიდრა საჯარო სივრცეში მოსაზრებათა გამოთქმის გამო მოსამართლეთა აცილების საკითხზე. სასამართლოს სამართალწარმოების პრაქტიკაში არის საქმეები, რომლებშიც მოსარჩელე მხარემ დააყენა საქმის განხილვაში მონაწილე მოსამართლის აცილების საკითხი იმ საფუძვლით, რომ მოსამართლეს ადრე, სხვადასხვა ფორმით, გამოთქმული ჰქონდა თავისი მოსაზრება განსახილველ კანონზე/სადავო ნორმებზე/კანონპროექტზე (იხ. მაგალითად,  ე.წ. „მოსმენების საქმე“, „რუსთავი 2-ს საქმე“). სასამართლომ ეს შუამდგომლობები არ დააკმაყოფილა. სასამართლო აცილების საკითხის განხილვისას ეყრდნობა იმ გარემოებებს, რაც ზემოთ აღვნიშნე. 

იმედი მაქვს, სასამართლო  შეინარჩუნებს ამ მაღალ სტანდარტს.

გიორგი, წარმატებები!“ - წერს მაია კოპალეიშვილი.

საქართველოს პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს

კერძოდ, საქმე ეხება სარჩელს, რომელშიც საქალაქო სასამართლოს 5 მოსამართლე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას "სადამსჯელო ღონისძიებად" მიიჩნევს და ასაჩივრებს.

ქართულ ოცნებაში კვერენჩხილაძის ამ საქმიდან აცილების საბაბად მოსამართლის პოზიციას ასახელებენ, რომელიც მათი მტკიცებით, მან სოციალურ ქსელში ღიად და საჯაროდ დააფიქსირა.


close დახურვა