პარლამენტი საკონსტიტუციო სასამართლოში განსახილველ ერთ-ერთ საქმეზე მოსამართლე გიორგი კვერენჩხილაძის აცილებას ითხოვს.
კერძოდ, საქმე ეხება სარჩელს, რომელშიც საქალაქო სასამართლოს 5 მოსამართლე საერთო სასამართლოების შესახებ კანონში ცვლილებას "სადამსჯელო ღონისძიებად" მიიჩნევს და ასაჩივრებს.
ქართულ ოცნებაში კვერენჩხილაძის ამ საქმიდან აცილების საბაბად მოსამართლის პოზიციას ასახელებენ, რომელიც მათი მტკიცებით, მან სოციალურ ქსელში ღიად და საჯაროდ დააფიქსირა.
"მოსამართლე კვერენჩხილაძემ ღიად და საჯაროდ სოციალური ქსელის მეშვეობით დააფიქსირა პოზიცია იმ საქმესთან დაკავშირებით,რომელზეც არის მომხსენებელი მოსამართლე საკონსტიტუციო სასამართლოში. შესაბამისად, ცხადია, ლეგიტიმურია, რომ ის ვერ იქნება მიუკერძოებელი ამ საქმეზე. ასე, რომ აცილების მოთხოვნა ლეგიტიმური და დასაბუთებულია"- ამბობს რატი იონათამიშვილი.
საქმეს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი განიხილავს. თავად მოსამართლე აცხადებს, რომ ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს იკავებს და საბოლოო გადაწყვეტილებას ამ საკითხზე პლენუმი მიიღებს.
"მე ამ საკითხთან დაკავშირებით ამ ეტაპზე კომენტარისგან თავს შევიკავებ. გამომდინარე იმ გარემოებიდან, რომ მოსამართლის საზოგადოებასთან ურთიერთობის ცივილური ფორმა გახლავთ მხოლოდ მოსამართლის გადაწყვეტილებები და სასამართლო აქტები. შესაბამისად, საკითხის ჩემი აცილების თაობაზე განიხილავს საკონსტიტუციო სასამართლოს პლენუმი, ის მიიღებს გადაწყვეტილებას და ჩემი პოზიცია აცილების შუამდგომლობის საფუძვლიანობის თაობაზე ამ გადაწყვეტილებაში იქნება დაფიქსირებული" - გიორგი კვერენჩხილაძე.
თბილისის საქალაქო სასამართლოს მოსამართლეებმა საკონსტიტუციო სასამართლოში გაასაჩვრეს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებულ ცვლილებები, რომლის მიზანიც მათი თქმით, არასასურველი პოზიციების გამჟღერებელ, "ურჩ" მოსამართლეებზე გავლენის მოხდენაა.
ცვლილებების თანახმად, იუსტიციის საბჭოს მოსამართლეთა ნების საწინააღმდეგოდ, იძულებით, მათი აზრის გაზიარების გარეშე, შეუძლია მოსამართლე ერთი რეგიონიდან მეორე რეგიონში ხანგრძლივად, სამსახურეობრივი საქმიანობის შესასრულებლად მიავლინოს.
კანონში შეტანილი ცვლილებები ასევე ეხება მოსამართლის სურვილის გარეშე, მის ერთი ინსტანციიდან მეორეში გადაყვანას, ანუ დაქვეითებას, რაც მანამდე არსებული წესით დაუშვებელი იყო.