მწერალმა კოტე ყუბანეიშვილმა პარლამენტის წინ მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ აუცილებელია მთელი საქართველო გავიდეს აქციაზე და იბრძოლოს თავისუფლებისთვის. ყუბანეიშვილის თქმით, ხალხმა უნდა ირწმუნოს ერთიანობის.
„ჩვენ უკვე გავიმარჯვეთ. უნდა დავიჯეროთ ჩვენი ერთიანობა და ღმერთიანობა, რომ ჩვენ ვართ საქართველო. ჩვენ დაცვის გარეშე შეგვიძლია, რომ ტროტუარზე ჩამოვსხდეთ და არ შეგვეშინდეს, რომ ვიღაც შეურაცხყოფას მოგვაყენებს, ეს უნდა დავიჯეროთ. ამ ბრძოლაში გამარჯვება არ არსებობს, ეს არის თავისუფლებისთვის დაუსრულებელი ბრძოლა. გამოდით, მთელი საქართველო. რა არის ეს პატარა საქართველო ამისთანა აუშენებელი, შიშველი ხელებით ავაშენებთ, ოღონდ თავი დაგვანებოს ამ კოლაბორაციონისტებმა," - განაცხადა ყუბანეიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ საპარლამენტო უმრავლესობამ დაპირება არ შეასრულა და ჩააგდო კანონპროექტი მაჟორიტარული საარჩევნო სისტემიდან პროპორციულ საარჩევნო სისტემაზე გადასვლასთან დაკავშირებით. პარლამენტის წინ დღეს, 14 ნოემბერს 19:00 საათზე საზოგადოება და ოპოზიციური პოლიტიკური პარტიები ჩაგდებულ კანონპროექტს გააპროტესტებენ და აქციას გამართავენ.