ხობის მუნიციპალიტეტის სოფელ ყულევის მოსახლეობა საპროტესტო აქციას მართავს. მოსახლეობის თქმით, სოფელში წლებია სასმელი წყლის პრობლემაა. მათ წყალი გრაფიკით მიეწოდებათ და ხშირია წყლით ინტოქსიკაციის შემთხვევებიც.
"წყლის პრობლემა გვაწუხებს. შემოიყვანეს მესამე წელია წყალი და მაიინც პრობლემებია. 1 კვირის უკან ამ წყლით ბავშვები მოიწამლენ, ოჯახის ყველა წევრი მოწამლულები ვიყავით. ამ სიცხეში უწყლობა როგორ შეიძლება?."- ამბობს ერთ-ერთი ადგილობრივი.
მოსახლეობის პროტესტის ადგილზე იმყოფებოდა სოფლის რწმუნებულიც, რომელიც ფორმულას ჟურნალისტის მიერ დასმულ კითხვებს თავს არიდებს.
"მოსახლეობა იცის ჩემი პასუხი ყველაფერზე. 24 საათი მოსახლეობასთან ვარ. პრესსამსახური აგიხსნით ყველაფერს."- ამბობს ყულევის გამგებელი, გურიელ ქარდავა.
ხობის საკრებულოში ერთიანი ნაციონალური მოძრაობის დეპუტატი ამბობს, რომ მან არა ერთხელ დააყენა წყლის საკითხი საკრებულოში, მაგრამ რეაგირება ამას არ მოყოლია.
მოსახლეობის თქმით, რამდენიმე დღის წინ შესაბამისმა ორგანოებმა აიღეს წყლის სინჯები, რათა გადაემოწმებინათ თუ რამდენად უსაფრთხოა სასმელი წყალი, რომელიც მოსახლეობას მიეწოდება. ჯერ-ჯერობით ამ ანალიზის პასუხები უცნობია.