logo
ENG



შაბათის ფორმულა: EU-დან და აშშ-დან ჩამოყვანილი მანქანები, კანონდარღვევით რუსეთში გააქვთ

14 ოქტ 202321:13
3 წუთის საკითხავი
 

შაბათის ფორმულას ინფორმაციით, ევროკავშირიდან და ამერიკიდან საქართველოში ჩამოყვანილი ავტომობილები, კანონდარღვევით რუსეთის ბაზარზე გააქვთ. ამასთან, საერთაშორისო სანქციების გათვალისწინებით, კანონში ცვლილება რამდენიმე თვის წინ შევიდა და აკრძალვა ევროკავშირიდან და ამერიკის შეერთებული შტატებიდან შემოყვანილი ავტომობილების ექსპორტზე, რეექსპორტსა და ტრანზიტზე დაწესდა.

შაბათის ფორმულამ გაარკვია, როგორ უპრობლემოდ აგვარებენ რუსეთის მოქალაქეები კონკრეტული თანხის სანაცვლოდ ავტომობილების გაყვანას, კანონის და პოლიციის გვერდის ავლით. ჟურნალისტს, რომელიც ე.წ. ავტო-იმპორტიორს მომხმარებლად გაეცნო, რუსეთის მოქალაქე დეტალურად უყვება, რა ფასად, როგორ და რა გარანტიებით ჩაუყვანენ დანიშნულების ადგილზე ავტომობილს, საქართველოს გავლით. რუსული სანქციების შავი ხვრელი, სავარაუდოდ, სწორედ საქართველოს ხელისუფლების და პოლიციის ხელშეწყობით მუშაობს. 

შაბათის ფორმულამ ექსპერიმენტი ჩაატარა - დაუკავშირდა პირს, რომელიც პირობას დებდა, რომ ნებისმიერ ავტომობილს რუსეთში უპრობლემოდ გადაიყვანდა. ახალგაზრდა კაცს ვთხოვეთ მერსედესის მარკის ავტომობილის რუსეთში გაგზავნა. ავტომობილის მონაცემების გათვალისწინებით მან რამდენიმე წუთში ყველა ხარჯი დაგვითვალა და გარანტიებიც მოგვცა.

საერთაშორისო სანქციებს ავტომობილებთან დაკავშირებით საქართველო პირველად აგვისტოში მიუერთდა. მაშინ აიკრძალა შეერთებული შტატებიდან საქართველოში შემოყვანილი ან ამერიკული კომპანიების ავტომობილების რეექსპორტი, ექსპორტი და ტრანზიტი რუსეთსა და ბელარუსში.

ანტიკორუფციული ბიუროს ხელმძღვანელი იხსენებს, როგორ უკეთებდა იგნორირებას ოლიგარქის მთავრობა თითქმის 1 წლის განმავლობაში ავტომობილებზე დაწესებულ საერთაშორისო სანქციებს მანამ, სანამ დასავლეთიდან კიდევ ერთხელ არ შეახსენეს ამის შესახებ. ურუშაძე ამბობს, რომ ვერც რუსეთის და ვერც სხვა ქვეყნის მოქალაქე სანქციების გვერდის ავლით ბიზნესს ხელისუფლების ჩართულობის გარეშე ვერ აწარმოებს.

"ეს ვერ მოხდება სახელმწიფოს ჩართულობის გარეშე და თუ ეს ხდება და არ იციან, გამოდის, რომ ჩვენ სახელმწიფოც არ ვართ, მაგრამ ასე არაა. ძალიან კარგად იციან და თვალს ხუჭავენ ამაზე", - ამბობს ვასილ ურუშაძე.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა საქართველოს გავლით რუსეთი საერთაშორისო სანქციებს თავს არიდებს - შაბათის ფორმულა გიყვებოდათ როგორ გახდა საქართველო სანქცირებული რუსული ნავთობის გასაღების შავი ბაზარი. ასეულობით ტონა გაზპრომისა და როსნეფტის ნავთობი ქვეყანაში ყოველდღიურად შემოდიოდა.


close დახურვა