აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორმა თანამშრომლებს, რომლებიც სამეცნიერო დაწესებულების ტერიტორიაზე ცხოვრობენ, ოჯახის წევრების მიღება აუკრძალა. აკრძალვა ზოგადად უცხო პირთა ტერიტორიაზე შესვლას ეხება, თუმცა რეგულაციებში მეცნიერების ოჯახის წევრებიც მოყვნენ.
როგორც მეცნიერები შაბათის ფორმულას უყვებიან, ობსერვატორიის დირექტორი გამონაკლისს მხოლოდ საკუთარი სურვილის მიხედვით უშვებს. გამონაკლისი შაბათის ფორმულას გადამღები ჯგუფი ვერ აღმოჩნდა, ამიტომ ობსერვატორიის თანამშრომლებს გადამღებ ჯგუფთან სასაუბროდ ტერიტორიის დატოვება მოუწიათ.
40-50 წელია რაც აბასთუმნის ობსერვატორია მათი ერთადერთი სამუშაო და საცხოვრებელი მისამართია - მეცნიერები ობსერვატორიის ტერიტორიაზე მდებარე სახელმწიფოს საცხოვრებელში ცხოვრობენ, რომლის მშენებლებიც და პირველი ბინადრებიც, ოჯახებთან ერთად, თავადვე იყვნენ.
ედუარდ ჯანიაშვილი 43 წელია ობსერვატორიის ასტრონომია და ამბობს, რომ ოჯახის წევრებთან ერთად ცხოვრება აქამდე მათთვის არავის შეუზღუდავს.
დირექტორის ბრძანების მიხედვით, აკრძალვების მიზეზი ტერიტორიაზე მიმდინარე ერთ-ერთი ობიექტის რეაბილიტაცია და უსაფრთხოების ზომებია. რემონტშია ერთ-ერთი ტელესკოპის შენობა, თუმცა ამ მიზეზის თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს არ სჯერათ. ისინი განათლების სამინისტროსგან ახსნა-განმარტებას და რეაგირებას მოითხოვენ.
მეცნიერები ამბობენ, რომ ამ უსამართლო ბრძანების გარდა, სხვა დარღვევებზეც ბევრი აქვთ მოსაყოლი.
რა არის წესების გამკაცრების რეალური მიზეზი - თანამშრომლები დანამდვილებით ჯერ ვერაფერს ამბობენ, მაგრამ დაინტერესებული ჯგუფის ან პირის ბიზნეს ინტერესს არ გამორიცხავენ.
ბრალდებების მთავარი ადრესატი, აბასთუმნის ობსერვატორიის დირექტორი რევაზ ჭანიშვილი ყველა ვერსიას და ეჭვს უარყოფს და მისი ბრძანების ერთადერთ მიზეზად უსაფრთხოებას ასახელებს. თუმცა არც იმას მალავს, რომ პენსიაში გასული ან გარდაცვლილი თანამშრომლების შთამომავლების იქ სტუმრობა არ მოსწონს. დირექტორის განცხადებით, მის მიერ დაწესებული შეზღუდვები დროებითია. თუმცა მედიით მოსმენილი განცხადებების მის ყოფილ და მოქმედ თანამშრომლებს და მათ ოჯახის წევრებს არ სჯერათ; ამიტომ ისინი სასამართლოში ჩივილს აპირებენ.